გიორგი აბაშიშვილი - საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების კრიტერიუმები იხვეწება

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების კრიტერიუმები იხვეწება , - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

”საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამოქმედებული უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანი ახალი ცვლილებაა და ამავდროულად მეტი პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. არსებული სტატისტიკის თანახმად, სულ უფრო მზარდი ხდება იმ პირთა რიცხვი, რომელთაც სურთ მოქალაქეობის მინიჭება საგამონაკლისო წესით. 1-ელ სექტემბრამდე პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის საგანმონაკლისო წესით მინიჭება ლიბერალურ ხასიათს ატარებდა, თუმცა ახლი რეალობიდან გამომდინარე, საჭიროა კიდევ უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა და მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით მიდგომების სრულყოფა და დახვეწა.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო მეტად იხვეწება კრიტერიუმები საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი თვლის, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოების წევრების ჩართულობა მოქალაქეობის მინიჭების პროცესში. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მე ვიწყებ კონსულტაციებს შესაბამის უწყებებთან იუსტიციის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან”, - განაცხადა აბაშიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი აღნიშნულ გადაწყვეტილებასა და მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხს შორის, აბაშიშვილმა უპასუხა, რომ ”ყოფილი პრეზიდენტის საკითხს ეს თემა არ უკავშირდება”.