ხორცპროდუქტების ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალი რეგულაციები დაწესდება - რას გულისხმობს და როდიდან ამოქმედდება ცვლილება?

2018 წლის პირველი იანვრიდან საქონელს, რომელიც საყურე ნიშნებით იდენტიფიცირებული არ იქნება, სასაკლაოები აღარ დაკლავენ.

აღნიშნულს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ახალი სისტემა გულისხმობს.

როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა ჯანმრთელობის სპეციალისტი, ალექსანდრე ქაშიაშვილი აცხადებს, ახალი რეგულაციის მიზანია, ერთი მხრივ, ცხოველთა მიკვლევადობის გაუმჯობესება და ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ხარისხის გაზრდა, ხოლო მეორე მხრივ, ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკის მინიმუმადე დაყვანა.

„პირველი იანვრიდან, არაიდენტიფიცირებული საქონელი, ანუ ის მსხვილფეხა საქონელი (ძროხა, კამეჩი), რომელსაც ყურზე საყურე ნიშნები არ ექნება, სასაკლაოზე ვეღარ დაიკვლება. შესაბამისად, ამგვარ ხორცზე ვერ მოხდება ნიშანდება და ვერ გაიცემა ფორმა #2, რომლის გარეშეც ცხოველის პატრონი, ბაზრებსა და მაღაზიებში ხორცის რეალიზებას ვეღარ შეძლებს. ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ ბაზარზე მოხვდება მხოლოდ 100%-ით შემოწმებული, შესაბამის ჰიგიენურ-სანიტარულ პირობებში დაკლული ხორცი. რაც პრაქტიკულად მინიმუმადე დაიყვანს ზოონოზური, ანუ ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკს,“-აღნიშნავს ქაშიაშვილი.

მისივე თქმით, საქართველო 2017 წლიდან ეტაპობრივად გადადის ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ახალ, გაუმჯობესებულ სისტემაზე. მომდევნო 5 წლის მანძილზე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADC) და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო პროგრამას ჯამში 5 მილიონი დოლარით დააფინანსებს.

„განახლებულ სისტემას - NAITS გაცილებით მეტი შესაძლებლობა და მიკვლევადობის უფრო მაღალი დონე ექნება. NAITS შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორც ცხოველთა რეესტრი, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია თავად ცხოველის, მისთვის ჩატარებული ვაქცინაციისა და მკურნალობის შესახებ, ასევე გეოგრაფიული არეალი საიდან მოდის ცხოველი და საბოლოოდ, რომელ სასაკლაოზე და რა ასაკშია დაკლული. სისტემა საშუალებას მოგვცემს ვაკონტროლოთ სრული ციკლი, რაც გულისხმობს სახელმწიფო კონტროლს ფერმიდან - ჩანგლამდე,“- განაცხადა ქაშიაშვილმა.