თბილისში ახალი მეთოდით 300-მდე „ზებრა“ გადასასვლელი დაიხაზება

ე.წ. ცივი პლასტის მეთოდით წლის ბოლომდე თბილისში დაახლოებით 300-მდე „ზებრა“ გადასასვლელი დაიხაზება.

როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური იუწყება, „ცივი პლასტის“ მეთოდით ქვეითთა გადასასვლელების დახაზვას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ელიტ ტექნოლოგი“ განახორციელებს.

ტრანსპორტის სამსახურში აცხადებენ, რომ უკვე დაიხაზა „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან არსებულ სატრანსპორტო კვანძთან ერთ-ერთი გადასასვლელი; ბელიაშვილის ქუჩაზე, „გალფის“ ავტოგასამართ სადგურთან; ცაბაძის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირის კვეთასთან და მარჯანიშვილის ქუჩაზე, თეატრის მიმდებარედ.

თბილისის მერიის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქში გადასასვლელების დახაზვის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ამ მხრივ აქცენტი კეთდება უფრო საბავშვო ბაღებსა და სკოლებზე, სასაწავლო დაწესებულებებზე. ამ მიზნით მომავალი კვირის ბოლომდე 6 ახალი „ზებრა“ გადასასვლელი გაკეთდება საბავშვო ბაღებთან. კერძოდ, მიქელაძის ქუჩაზე 23-ე საბავშვო ბაღის მიმდებარედ; აბაშიძის ქუჩაზე 137-ე ბაღის მიმდებარედ; ჩიტაიას ქუჩაზე 69-ე საბავშვო ბაღთან; გუდამაყრის ქუჩაზე მე-9 საბავშვო ბაღთან; მაჭავარიანის ქ. 33-ე საბავშვო ბაღთან და 83-ე საბავშვო ბაღთან (უსახელო ქუჩაზე).

„ცივი პლასტის“ მეთოდით გადასასვლელების დახაზვა 3 წლიანი გარანტიით კეთდება. ეს არის მდგრადი საღებავი. ამავე დროს გადასასვლელები შუშის ბურთულაკებიანი ფენით დაიფარება, რაც ღამისა და საღამოს საათებში ხელოვნურ განათებაზე, დამატებით ხილვადობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. „ზებრა“ გადასასვლელების ნაწილი ორ ფერში დაიხაზება: წითელსა და თეთრში და ნაწილი მხოლოდ თეთრ ფერში. წლის ბოლომდე „ცივი პლასტით“ დაახლოებით 300-მდე ზებრა გადასასვლელი დაიხაზება. ამ მეთოდის დასანერგად უცხოელი სპეციალისტები გვყავდა ჩამოყვანილი“, - აცხადებენ ტრანსპორტის სამსახურში.