არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მ ინტერნეტში დაუშვებელი პროდუქციის რეგულირებისთვის საკანონმდებლო წინადადება შეიმუშავა.
ორგანიზაციის შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” მიღებულ დადგენილებაში განსაზღვრული „დაუშვებელი პროდუქციის ცნების” კომპონენტები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს ვერ პასუხობს.
შესაბამისად, IDFI-მ წარმოადგინა დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი, რომლის მიზანიც აღმოჩენილი ხარვეზების გასწორება და კანონმდებლობის დონეზე გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტების ამაღლებაა.
მუხლი 1
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N 3 დადგენილებაში „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ)2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:ჰ)2 დაუშვებელი პროდუქცია – ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული არასრულწლოვანთა პორნოგრაფია ან სხვაგვარი უხამსობა, ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი და საავტორო უფლებების დამრღვევი პროდუქცია. ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია.
დადგენილების 102 მუხლის გ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ ინტერნეტგვერდზე განთავსებული ბმულის სახით მითითებული გვერდი შეიცავს დაუშვებელ პროდუქციას, იღებს შესაბამის ზომებს მათ აღმოსაფხვრელად.
დადგენილების 103 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
დადგენილების 29-ე მუხლს დაემატოს მე-3 და მე-4 პუნქტი
3. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინოს დაინტერესებულ პირებს და განუმარტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა და წესი.
4. დაუშვებელი პროდუქციის საფუძვლით ინფორმაციის დაბლოკვის ან წაშლის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, მიღებული გადაწყვეტილება სამი დღის ვადაში გამოაქვეყნოს საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
დადგენილების იმ ნორმების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც შედის ცვლილება
მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ)2 ქვეპუნქტი დაუშვებელი პროდუქცია – ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია;
დადგენილების 102 მუხლის გ პუნქტი
ინტერნეტგვერდზე განთავსებულ ბმულს ამოწმებს იმ მიზნით, რომ ბმულის სახით მითითებული გვერდი არ შეიცავდეს შეურაცხმყოფელ ან სხვა დაუშვებელ პროდუქციას. ასეთის არსებობის შემთხვევაში იღებს შესაბამის ზომებს მათ აღმოსაფხვრელად.დადგენილების 103 მუხლის მე-2 პუნქტი
2. ინტერნეტდომენის გამცემი პერიოდულად ამოწმებს მის მიერ რეგისტრირებულ ინტერნეტგვერდების შინაარს იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს ინტერნეტგვერდზე დაუშვებელი პროდუქციის განთავსება. ასეთის შემთხვევაში, დომენის გამცემმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად:
ა) გააფრთხილოს დომენის მფლობელი და განუსაზღვროს ვადა დაუშვებელი პროდუქციის ამოღებისათვის;
ბ) გაფრთხილების უგულვებელყოფის შემთხვევაში მოახდინოს ინტერნეტგვერდის დაბლოკვა.