ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალ ტერმინალს შპს „ანაგი“ ააშენებს.
კომპანიასა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 26 423 967.74 ლარია. მაშინ როცა, სატენდერო პირობების მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 23 305 085 ლარი, ხოლო “ანაგის“ მიერ ტენდერის ფარგლებში შეთავაზებული თანხა - 22 393 193 ლარი იყო.
ხელშეკრულება 2019 წლის 31 იანვრამდეა ძალაში. ტენდერის პირობების მიხედვით, კონსტრუქციულ ნაწილზე გარანტიად - არანაკლებ 20 წელი; ხოლო სამუშაოს შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 კალენდარული დღეა განსაზღვრული.
ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის ტენდერი 26 ივლისს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ გამოცხადა, წინადადებების მიღება კი 17 აგვისტოს დასრულდა.
შპს „ანაგის“ გარდა ტენდერში მონაწილეობა მიიღო ასევე შპს „დაგიმ“ და „თავ მშენებლობა საქართველო და კომპანია ბლექ სი გრუპიმ“, თუმცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მათი დისკვალიფიკაცია მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის ფოტოები სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა.