სტიქიური მოვლენებით გამოწვეულმა ზარალმა მხოლოდ 2015 წელს 389 მილიონი ლარი შეადგინა
სანამ ხელისუფლება ტყის ხანძრებით მიყენებულ ზარალს ითვლის, საგამოძიებო უწყებები კი ხანძრის გაჩენის მიზეზებს იკვლევენ, კიდევ ერთი შეკითხვა ისმის: შეეძლო თუ არა ხელისუფლებას ცეცხლის ასეთი მასშტაბის თავიდან აცილება და რა უნდა გაეკეთებინა პრევენციისთვის? მთავრობის მეთაური ამბობს, რომ სტიქიასთან საბრძოლველად ქვეყნის "მაღალი ხარისხის მზადყოფნაში" მოსაყვანად სისტემური ცვლილებების გატარებას გეგმავს, მათ შორის - აღჭურვილობის განახლებასა და კრიზისების საბჭოს "შესაბამისობაში მოყვანას". უცნაურია, რომ გიორგი კვირიკაშვილს არსად უხსენებია მის მიერვე ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველა ღონისძიება, რომლებიც კატასტროფების, მათ შორის - ხანძრების რისკის შესამცირებლად უნდა გაატაროს ქვეყანამ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის #4 დადგენილებით, რომელსაც ხელს გიორგი კვირიკაშვილი აწერს, 2017-2020 წლებისთვის საქართველოს რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია დამტკიცდა. სტრატეგია შემუშავებულია შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის მიერ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით. დოკუმენტის შესავალში ვკითხულობთ, რომ ის განსაზღვრავს ქვეყნის წინაშე არსებული, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების შემცირების ღონისძიებებს და ადგენს კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის საფუძველზე კი მომზადებულია სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია კონკრეტული ღონისძიებები, მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები, კონკრეტული ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო დრო და დაფინანსების წყარო.
დოკუმენტით ირკვევა, რომ მისი ავტორები ამ სტრატეგიისა და მისი განხორციელების აუცილებლობას კარგად ხვდებოდნენ, რადგან მითითებულია, რომ უკანასკნელი წლების მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების რიცხვი საშუალოდ 15%-ით, ხოლო სტიქიური გეოლოგიური მოვლენებისა - საშუალოდ 58%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, მომატებულია სტიქიით გამოწვეული ზარალიც. სტრატეგიაში ვკითხულობთ, რომ სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებით გამოწვეულმა ზარალმა მხოლოდ 2015 წელს 389 მილიონი ლარი შეადგინა.
მიწისძვრასთან, წყალდიდობასთან, ძლიერ ქართან, გვალვასა და სხვა საფრთხეებთან ერთად, რისკის შემცირების ეროვნულ სტრატეგიაში ცალკე თავი ტყისა და ველის ხანძრების საფრთხეს ეთმობა. სახელმწიფო დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტყის ხანძრების საშიშროებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ხანძრები სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, კახეთის, შიდა ქართლისა და აჭარის რეგიონებში.
კეთილი სურვილების სტრატეგია?!
"ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ტყის ხანძრების შემთხვევათა უმეტესობა, განსაკუთრებით, დასახლებულ პუნქტებთან ახლოს მდებარე ტყის მასივებში, ანთროპოგენული ზემოქმედებით არის გამოწვეული.
ხანძრების წარმოქმნის ანთროპოგენული მიზეზებიდან აღსანიშნავია: დასახლებული პუნქტების სიახლოვე (მოსახლეობის დაუდევრობა, ნაგავსაყრელები და სხვ.), სასოფლო-სამეურნეო სავარგულების "გადაწვის" პრაქტიკა, სამრეწველო ობიექტების სიახლოვე, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვითი ზოლების არარსებობა, ტყითსარგებლობის წესების დარღვევა (ტყის ჭრის ადგილების გაუწმენდელობა)", - ვკითხულობთ დოკუმენტში და ვრწმუნდებით, რომ საფრთხეები, რომლებიც, შესაძლოა, ბოლო დროს ხანძრების გახშირებისა და სტიქიის მასშტაბურად გავრცელების მიზეზი გახდა, ხელისუფლებას კარგად ჰქონდა გააზრებული.
დოკუმენტის მიხედვით, ანთროპოგენულ მიზეზებს ემატება ბუნებრივი ფაქტორებიც, მაგალითად, მაღალი ტემპერატურა, როგორიც 2014 წელს აღირიცხა. შესაბამისად, წესით, ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა, რომ წლევანდელ ზაფხულს ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ტყეში ხანძრის გაჩენის რისკი იზრდებოდა. დოკუმენტში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს, შავით თეთრზე წერია, რომ ნებისმიერი მიზეზით გაჩენილმა ხანძრებმა აუცილებელი კონტროლისა და პრევენციული ღონისძიებების გარეშე, შესაძლოა, სტიქიური ხასიათი მიიღოს, გავრცელდეს რამდენიმე ათას ჰექტარზე და, სავარაუდოდ, გამოიწვიოს როგორც მოსახლეობის მსხვერპლი, ასევე რეგიონების ინფრასტრუქტურის მოშლა, ადგილობრივ მცხოვრებთა ევაკუაცია და ტერიტორიების ხანგრძლივი (ხუთ წელიწადზე მეტი ხნით მაინც) ეკოლოგიური დაზიანება!
ხანძრის გავრცელების მიზეზებთან ერთად, მთავრობამ კატასტროფის რისკის შემცირების სამოქმედო გეგმაც შეადგინა, თუმცა მის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან თანხა ვეღარ გაიმეტა. შესაბამისად, სტრატეგია ფურცელზე დარჩა და "სადღეგრძელოებისა" და "კეთილი სურვილების" ფორმატს არ გასცდენია. არადა, ხელისუფლების დასახული ღონისძიებების ნაწილი მაინც რომ განხორციელებულიყო, ხანძრებით მოყენებული ზარალი, სავარაუდოდ, ბევრად ნაკლები იქნებოდა.
"სტიქია ბიუჯეტს არ დაელოდება"
რეზო გეთიაშვილი, "კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის" გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი: "ამ დოკუმენტის გარდა, არსებობს კიდევ ორი დოკუმენტი - სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი და სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა. შესაბამისად, კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია მესამე დოკუმენტია, სადაც საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისა და საფრთხის პრევენციის ღონისძიებებია გაწერილი. რაც შეეხება ამ ბოლოს შედგენილ სტრატეგიას, მისი მიზანია წინა ორ დოკუმენტში გაწერილი ღონისძიებების დაფინანსება და ფინანსური საკითხების გაანალიზება. შესაბამისად, რადგან დოკუმენტი წელს, 11 იანვარს, არის მიღებული, როგორც ჩანს, მისი აღსრულება გათვლილი არ იყო მიმდინარე საბიუჯეტო წელზე, რადგან ბიუჯეტი წლის ბოლოს მტკიცდება.
გეგმები დაფინანსების გარეშე
პირველი, რაც ბორჯომის ხანძრის შემდეგ სტრატეგიულ გეგმაში თვალში გვხვდება, 44 სატყეო ხანძარსაშიშ უბანზე ხანძარსაწინააღმდეგო გზების, ბილიკებისა და წყლის რეზერვუარების მოწყობაა, რასაც 2 მილიონი ლარი სჭირდებოდა, მაგრამ მთავრობამ ამისთვის თანხა ვერ გამონახა. როგორც ცნობილია, ბორჯომის ხანძრის დროს სახანძრო ავტომობილებისთვის ხანძრის კერებამდე მისასვლელად გზები სახელდახელოდ გაჰყავდათ, წყალს კი სახანძრო მანქანები დასახლებული პუნქტებიდან ეზიდებოდნენ, რამაც, ბუნებრივია, ხანძრის ლოკალიზება-შემოზღუდვისა და ჩაქრობის დრო გაზარდა.
ამავე სტრატეგიული გეგმის თანახმად, ხანძარსაშიშ პერიოდში უნდა აეყვანათ სეზონური მეხანძრე-დარაჯები და მათთვის პირველადი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა შეეძინათ, რასაც, სტრატეგიის ავტორების შეფასებით, 1,5 მილიონი ლარი ეყოფოდა, მაგრამ ბიუჯეტიდან თანხა ვერც ამისთვის გამოიძებნა.
გახშირებულმა ხანძრებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა მოძველებული ან არარსებული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შეძენა-განახლების აუცილებლობა. როგორც ჩანს, ამაზე ხელისუფლებაც შეთანხმებულა და სტრატეგიულ გეგმაში ჩაუწერიათ, რომ თანამედროვე სახანძრო-სამაშველო სატრანსპორტო საშუალებების შეძენა აუცილებელია და ბიუჯეტიც განუსაზღვრავთ - 37,4 მილიონი ლარი, მაგრამ თანხა არც ამ შემთხვევაშია გამოყოფილი.
დოკუმენტის თანახმად, აუცილებელია სახანძრო-სამაშველო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია, რათა ის შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს. ამას 19,5 მილიონი ლარი სჭირდება, მაგრამ არც ეს დაუფინანსებიათ.
სტრატეგიის თანახმად, საქართველოს ტყეები, ხანძარსაშიშროების მიხედვით, კლასებად უნდა დაიყოს. როგორც აღმოჩნდა, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ტყეების ინვენტარიზაცია დაწყებულია, თუმცა მისი დასრულებისთვის საჭიროა დამატებითი თანხა და სპეციალისტების მოძიება.
გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს შორის არის ტყის ფონდის განსაკუთრებით ხანძარსაშიშ უბნებსა და დეგრადირებული ტყის ტერიტორიებზე ხანძარმედეგი კორომების (გამძლე სახეობების შერგვა, ე.წ. ქვეტყის გაწმენდა, ნარჩენების გასუფთავება) ჩამოყალიბება.
დაგეგმილ ღონისძიებებს შორის არის სანქციების გამკაცრება ხანძრის განზრახ ან დაუდევრობით გაჩენისთვის.
გეგმაში წერია, რომ აუცილებელია ტყის ხანძრების პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება და ერთიანი უწყებრივი რეაგირების გეგმების მომზადება. ამის აუცილებლობა გამოჩნდა ბორჯომის ხანძრის დროსაც, რადგან სტიქიასთან ბრძოლაში ჩართული უწყებებისთვის არ არსებობდა რეაგირების ერთიანი სტრატეგია, რაც იწვევდა მათი მოქმედების არაეფექტურობას.
კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიაში, ტყის ხანძრების საფრთხის შესამცირებლად, კიდევ რამდენიმე აუცილებელი ღონისძიებაა ჩამოთვლილი: ტყის ხანძრების ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა; ტყისა და ველის ხანძრების საფრთხის რისკის შესამცირებლად მოსახლეობის ცოდნის ამაღლება ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე; მწყემსების, ფერმერების ცნობიერების ამაღლება; ტრენინგების ჩატარება ხელოვნური ხანძრების საშიშ შედეგებსა და პრევენციაზე, ტყის ხანძრებთან დაკავშირებული სოციალური რეკლამის მომზადება და მედიასაშუალებებში განთავსება; სასკოლო ექსკურსიების დროს ტყის ხანძრების პრევენციული ღონისძიებების სწავლება და სხვ.
P.S. დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებები ამ სფეროს ექსპერტებსაც მოსწონთ, მაგრამ დაფინანსების გარეშე მათ ფასი არ აქვს, რადგან აღსრულების გარეშე ყველა ღონისძიება მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სურვილია.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ღონისძიებების მნიშვნელობის გამო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა არ შეიძლებოდა. ამის გარდა, ამ სტრატეგიაზე მუშაობა მანამდეც დიდხანს მიმდინარეობდა და წესით, ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ ფინანსთა სამინისტროსთან, რადგან დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფმა ყველაზე კარგად იცოდა, რა საფრთხეები იყო მოსალოდნელი. შესაბამისად, რეაგირება უნდა მომხდარიყო არა გაისად, არამედ წლეულს და გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებიც დაფინანსებულიყო. ამით ჩვენ შევამცირებდით ზარალს, რომელიც ამ ზაფხულს ხანძრებმა მოგვაყენა.
აუცილებელია გაანალიზდეს, რატომ არ მოხდა დამტკიცებული სტრატეგიით ბიუჯეტის ფორმირება და თანხების გამოყოფა? ვინ და რატომ გადაწყვიტა, რომ ამ ზომების მიღება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული არ იყო? ამ საკითხების დაფინანსება რომ არ ამოვარდნილიყო პრიორიტეტების ნუსხიდან, ხანძრებს უფრო მომზადებული შევხვდებოდით.
გასათვალისწინებელია, რომ ამ დოკუმენტში, ხანძრების გარდა, ყველა სხვა ბუნებრივი კატასტროფისთვის მზადყოფნისა და პრევენციის ღონისძიებებიც არის ჩამოთვლილი.
დღეს ჩვენ ხანძრები გვაწუხებს, ხვალ, შესაძლოა, წყალდიდობა იქცეს საფრთხედ და რას ვაკეთებთ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად? დღეს შექმნილმა ვითარებამ დაგვანახა, რომ ამ საკითხების დაფინანსება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს! ჩვენ დავინახეთ არა მხოლოდ რეაგირების, არამედ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხარვეზებიც. მეტიც, დავინახეთ, რომ კატასტროფის საფრთხის პრევენცია ქვეყანაში არ არსებობს! პრევენცია უფრო რთული, მრავალმხრივი და კომპლექსური ღონისძიებებისგან შედგება და სანამ რისკფაქტორების შემცირებას ვერ ახერხებ, იმისთვის მაინც უნდა მოემზადო, რომ როცა ეს დღე დაგიდგება, რეაგირება შეძლო.
ამიტომ წლეულს მაინც, მომავალი წლის ბიუჯეტის მიღებისას, ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს სწორედ ამ სტრატეგიის მიხედვით გაწერილი ფინანსური ინსტრუმენტების ამოქმედება. პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს რისკფაქტორების შემცირებასა და პრევენციაზე მუშაობა. რა თქმა უნდა, ამისთვის მეტი ფინანსებია საჭირო, მაგრამ რაღაც გეგმა უნდა გაიწეროს და ხუთი წლის განმავლობაში მაინც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ჩვენ მიზეზებს ვებრძოლოთ და არა - შედეგებს.
ახლა პრემიერი სხვადასხვა სტრუქტურულ ცვლილებაზე ლაპარაკობს. მართლაც, სტიქიასთან ბრძოლამ, ალბათ, დაგვანახა, რომ საჭიროა სტრუქტურული ცვლილებები, მაგრამ ამ ცვლილებების, რეფორმირებისა და გადაწყობის პროცესში მთავარი საკითხები განზე არ უნდა დაგვრჩეს.
ახალი გეგმის დამტკიცებამდეც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კარგი ეროვნული გეგმა გვქონდა, მაგრამ რატომღაც დაიწუნეს და ახალი შექმნეს, ამასობაში კი დრო დავკარგეთ. კანონმდებლობა იმისთვის გვჭირდება, რომ მან იმუშაოს და არა იმისთვის, რომ ქაღალდზე მუდმივად ვცვალოთ და მისი ამოქმედება დაგვიანდეს.
ვნახოთ, ამ ხანძრების შემდეგ მაინც თუ გამოიყოფა რესურსი გეგმაში გაწერილი ღონისძიებების განსახორციელებლად".
კრიზისების მართვის კრიზისი
ირაკლი მაჭარაშვილი, "მწვანე ალტერნატივის" ბიომრავალფეროვნების კოორდინატორი: "ქვეყანაში ასეთი სტრატეგია აუცილებელია, ასევე აუცილებელია, ამ სტრატეგიას სახელმწიფო თანამიმდევრულად მიჰყვეს. ეს წლევანდელმა ხანძრებმაც დაადასტურა. ასეთი სტრატეგია უფრო ადრე უნდა შემუშავებულიყო და განხორციელებულიყო, რომ ამ ხანძრების სეზონს ქვეყანა მომზადებული შეხვედროდა. მაგრამ მომავალი წელიც მოდის. აღსანიშნავია, რომ ამ სტრატეგიაში რისკფაქტორებად მხოლოდ ხანძრები არ არის განსაზღვრული და მნიშვნელოვანია, ყურადღება ამასაც მიაქციონ.
ხანძრები ამ სტრატეგიის მხოლოდ ერთი ნაწილია და ახლა ჩვენ, ქათამს რომ კვერცხი მოადგება, ისე ვიქცევით. ეს სტრატეგია რომ ბევრისთვის აღმოჩენა იყო, ეს არც თქვენი ბრალია და არც - ჩემი. მეც ახლახან გავიგე მისი არსებობის შესახებ. და ესეც მთავრობის ცუდი მუშაობის შედეგია.
საქართველო მიერთებულია ორჰუსის კონვენციას, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა იყოს ჩართული საზოგადოება გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კონვენცია ამბობს, რომ მთავრობის ამგვარი გადაწყვეტილებები დამტკიცებამდე უნდა გამოქვეყნდეს და საჯარო განხილვის საგანი გახდეს. უნდა გაითვალისწინონ არა მხოლოდ მთავრობაში მომუშავე ადამიანების, არამედ საზოგადოების, სპეციალისტებისა და იქ აღწერილი საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანების თვალსაზრისი. ასე მოქალაქეებიც მომზადებული იქნებიან. შესაძლოა ხელისუფლებაზე საზოგადოების ზეწოლაც - რატომ დროულად არ იღებთ საჭირო გადაწყვეტილებებსო. ახლანდელი ვითარება კი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობა არ გრძნობს თავს ანგარიშვალდებულად საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.
რაც შეეხება ამ დადგენილების შინაარსს, ის ფორმალურადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან განსაზღვრულია ქმედებები, ისიც, თუ რა ჯდება ეს ღონისძიებები, თუმცა ბიუჯეტში ამ ქმედებებისთვის საჭირო თანხა გათვალისწინებული არ არის. ეს ნიშნავს, რომ, შესაძლოა, დონორების ზეწოლით, ან იმისთვის, რომ ზოგმა უწყებამ, მაგალითად, კრიზისების მართვის საბჭომ, საკუთარი არსებობა გაამართლოს, ასეთი დადგენილება მიიღეს, მაგრამ მიიღეს ფორმალურად.
ფაქტია, რომ დოკუმენტში ასახული ღონისძიებები გულთან ახლოს არ მიაქვთ და კატასტროფებისთვის ქვეყნის მომზადება პრიორიტეტულად არ მიაჩნიათ. ბუნებრივი კატასტროფების საფრთხის პრევენცია ისეთივე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია, როგორიც ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა ან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. თუ მთავრობა ამას ვერ აცნობიერებს, ეს ნიშნავს, რომ ვითარება სწორად არ აქვთ გააზრებული და პრიორიტეტებს ვერ განსაზღვრავენ.
მიმაჩნია, რომ ეს არის სწორედ თქვენი, მედიისა, და ჩვენი, გარემოს დამცველების, დამსახურება, რომ მთავრობას ეს დადგენილება გავახსენეთ.
ეს დოკუმენტი მომზადებულია კრიზისების მართვის საბჭოს მიერ, რომელსაც დაფუძნებიდან დღემდე 15 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული და ამის საფასური არაფერი გაუკეთებიათ. 15 მილიონი ლარი შვიდჯერ ეყოფოდა ხანძრების საწინააღმდეგო თხრილების გათხრას, ხანძარსაშიშ ადგილებში წყლის ავზების გაკეთებას, ზოგიერთი აღჭურვილობის შეძენას, მეხანძრეების გადამზადებას.
კრიზისების საბჭოს თანამშრომლების ხელფასებზე დახარჯული მილიონების მიუხედავად, მათ თავი ვერ გამოიჩინეს ვერც ერთი კრიზისისას - თბილისის წყალდიდობით დაწყებული და ყაზბეგში ღვარცოფით დამთავრებული.
როცა კრიზისების საბჭოზე ვლაპარაკობთ, გვახსენდება მხოლოდ მათი მაღალი ხელფასი, რომელიც არ არის მათი საქმიანობის ადეკვატური. საქმეს აკეთებენ მეხანძრე-მაშველები, ტყის მცველები, დაცული ტერიტორიების რეინჯერები, მათ ნამოქმედარზე კი პომპეზურად დააბიჯებენ დიდმოხელეები და გაიძახიან, ხანძარი ჩავაქრეთო".
ემა ტუხიაშვილი
წყარო: „კვირის პალიტრა"