დღეს დედაქალაქში ახალაშენებული კორპუსების გაუმართავი მინუსსართულებით პარკირების საკითხს აგვარებენ, თუმცა ის პირდაპირ კავშირშია ნაგებობის მდგრადობასა და მცხოვრებლების ჯანმრთელობასთან.
ანა გოგბერაშვილი, "მშენებლობის მენეჯმენტი", საწარმოო ტექნიკური განყოფილების სპეციალისტი: - თანამედროვე მშენებლობაში დიდი მნიშვნელობა აქვს მიწისქვეშა სართულებს. ამიტომ ინვესტორებისთვის წარდგენილ მოთხოვნათაგან ერთ-ერთი უნდა იყოს მინუსსართულების მოწყობა, რასაც თავს არიდებენ, რადგან ეს დიდ ხარჯს მოითხოვს.
საქართველო, და განსაკუთრებით თბილისი, გრუნტის წყლების სიჭარბით გამოირჩევა. ამას ხელს უწყობს თბილისის ზღვიდან გამონაჟონი წყლებიც, რომელიც ანესტიანებს ქალაქს. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა პლეხანოვზე, ძველი შენობების უმრავლესობა, სარდაფები და საძირკვლები დატბორილია. ასეთი ვითარებაა დიდუბეში, ნაძალადევში, ვაზისუბანსა თუ ვარკეთილში. ვაკე-საბურთალოზეც არის მიწისქვეშა წყლები, რომელთაც ერთ დროს კალაპოტი ჰქონდათ - თბილისში იყო კარგად დაქსელილი კოლექტორები და მიწისქვეშა წყლები მტკვრისკენ მიედინებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში წიდით დაილამა, აღარავინ წმენდდა და დაკარგეს წყლის გატარების ფუნქცია. ამას დაემატა მშენებლობების ბუმი - საძირკვლების გაჭრამ და ქვაბულების ამოღებამ შეცვალა გრუნტის წყლების მიმართულება და ისინი დაიქსაქსნენ. სადაც არ იყო, იქაც კი იჩინა თავი.
ამასთან, მშენებლობის დაწყებამდე ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა არ ხდება. ეს დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული და რატომღაც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. საძირკვლის გაჭრისას კი ხშირად წყალი ამოხეთქავს, ან შეიძლება მშენებლობის დამთავრების შემდეგ ჩადგეს საძირკველში. ასეთი შენობაა იუსტიციის სახლი. იქ მიწისქვეშა პარკირებისთვის გამოყოფილი სართულები დატბორილია. გრუნტის წყლებმა შენობის აგების შემდგომ იჩინა თავი, გამოსწორებას კი დიდი თანხები სჭირდება.
შენობა-ნაგებობაზე ექსპლუატაციის პერიოდში მოქმედებს რიგი უარყოფითი ფაქტორები, რომლებიც იწვევს მზიდი კონსტრუქციების ნაადრევ ცვეთას. განსაკუთრებით ეს ითქმის საძირკვლებსა და მიწაში ჩაღრმავებულ სართულებზე, რომლებზეც უმეტეს შემთხვევაში გრუნტისა და ტექნოგენური წყლები ზემოქმედებს.
მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც შენობის საძირკველს არ ჰქონდა ჰიდროიზოლაცია. ვუთხარი ინვესტორს, გეოლოგიურ დასკვნაში გიწერიათ, რომ ტერიტორიაზე დღეს არ არის გრუნტის წყლები, მაგრამ რისკის ქვეშაა, არავინ იცის, ხვალ რა მოხდება, თუ ჰიდროიზოლაცია არ ექნება-მეთქი. პასუხი ასეთი იყო, - მთავარია, დღეს ჩავაბარო მოსახლეობას მშრალი შენობა და ხვალ რა იქნება, მე არ მეხებაო.(?!) ასეთი მიდგომის გამო ხალხი ნესტიან შენობებში ცხოვრობს. უამრავ შენობაში შესვლისთანავე იგრძნობა ნესტის სუნი, კედლებზე სოკო შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
თბილისში გრუნტის წყლების გამო ავარიული შენობების სტატისტიკა ძალიან მაღალია. ავარიულია ნუცუბიძის პლატოზე შენობების დიდი ნაწილი, ასევე, ვარკეთილში, ბახტრიონის დიდი ნაწილი, ბევრი ავარიული შენობაა პეკინზეც, გაგარინის მოედანზე... ეს ადგილები პრობლემური იყო სწორედ გეოლოგიური პირობების გამო და ამიტომ არ განაშენიანდა საბჭოთა დროს. ბევრ კორპუსს შეამჩნევთ, რამხელა გადახრაა სადარბაზოებს შორის.
წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 4 სექტემბრის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად