უცხოელთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება გართულდება

საქართველოს მოქალაქეობის საგანმონაკლისო წესით მინიჭების კრიტერიუმები იცვლება.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სულ უფრო მზარდია იმ პირთა რიცხვი, რომელთაც მოქალაქეობის მინიჭება სურთ. ამიტომ კიდევ უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა და მიდგომების სრულყოფაა საჭირო.

როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატი გუგული მაღრაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია მიიღო, ლოგიკურია, რომ საქართველოს მიმართ სხვა ქვეყნის მოქალაქეების ინტერესმა იმატა. შესაბამისად, გარკვეული საფრთხეები მართლაც არსებობს.

"საქართველოს მოქალაქეობის მსურველთა რიცხვმა რამდენად იმატა, მე კონკრეტული ინფორამცია არ მაქვს, მაგრამ რაც საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიენიჭა, ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის საკმაოდ მომიხიბვლელია, რომ უვიზოდ შევიდეს შენგენის ქვეყნებში.

"ამის დადებითი მხარეა ის, რომ საქართველოს ამგვარი პრიორიტეტი მიენჭა ევროპული ქვეყნების მხრიდან, მაგრამ ამას თავის საფრთხეებიც აქვს, მათ შორის ტერორიზმის. გარდა ამისა, ჩვენც გარკვეული პასუხისგებლობა გვენიჭება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა არ დაარღვიონ უვიზო მიმოსვლის წესები, თორემ ამისთვის არსებობს შეჩერების მექანიზმები.

"თუმცა, იმ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოში დაიბადა, გაიზარდა და შემდეგ რაღაც მიზეზებით წავიდა სხვა ქვეყანაში, უფრო შემსუბუქებული უნდა იყოს მოქალაქეობის მიღება, ვიდრე მათთვის, ვისაც არანაირი შეხება არ ჰქონია ჩვენ ქვეყანასთან და ახლა სურს მოქალაქეობა. ამიტომ სიფრთხილეა საჭიროა, რომ ვიზალიბერალიზაციის სიკეთეები ცუდად არავინ გამოიყენოს და ამით საფრთხე შეუქმნას საქართველოს პრესტიჟს და იმიჯს", - აცხადებს გუგული მაღრაძე და აღნიშნული ინიციატივის საკანონმდებლო დონეზე განხილვასაც არ გამორიცხავს.

"ესეც შესაძლებელია. ამისთვის უნდა ჩატარდეს შესაბამისი კვლევა და თუ ვნახეთ, რომ არსებული კანონდებლობის ფარგლებში არ ხერხდება შეზღუდვა, მაშინ შესაძლოა საკანონმდებლო ინიციატივაც იყოს საჭირო. ფაქტია, რომ ასეთი გამოწვევა საქართველოს წინაშე ნამდვილად დგას", - აცხადებს დეპუტატი.

ცნობისთვის, არსებული კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს, ან რომლისათვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქემ უნდა წარადგინოს: დაბადების მოწმობის ასლი, პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, ასევე, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

გარდა ამისა, მოქალაქეობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით, შესაბამის კომისიას შეუძლია, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე მოიწვიოს გასაუბრებაზე; გამოითხოვოს დოკუმენტები და ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებიდან და ორგანიზაციიდან.

რაც შეეხება პროცედურებს, დაინტერესებული პირები განცხადებებს საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით უგზავნიან საქართველოს სააგენტოს ან პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტს.

განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს აღნიშნული პროცედურის დაუცველად, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და მოტივირებული პირადი განცხადების საფუძველზე.

იურისტების შეფასებით, მოქმედი კანონი ნამდვილად გასამკაცრებელია, თუნდაც უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე.

იურისტ ლია მუხაშავრიას აზრით, სრულიად ლეგიტიმური და ლოგიკური იქნება, თუკი საქართველოს მოქალაქეობის მსურველი პირისთვის ქართული ენისა და კანონების ცოდნა სავალდებულო გახდება.

"როგორც მე ვიცი, ფორმალურად არც ისე რთულია საქართველოს მოქალაქეობის მიღება. მოქალაქეობის მსურველმა პირმა პასპორტის ასლი, შესაბამისი განაცხადი და სამოტივაციო წერილი უნდა წარადგინოს. სულ ეს არის. მერე უკვე გადაწვეტილებას იღებენ კანონის მიხედვით. თუმცა, აქაც მკაფიო არ არის კრიტერიუმები.

"ამიტომ, რა თქმა უნდა, პროცედურა ასეთი მარტივი არ უნდა იყოს და გარდა ამისა, მკაფიო უნდა გახდეს, თუ ვის შეუძლია საქართველოს მოქალაქეობა და რა პირობებით.

"ჩემი აზრით, მოთხოვნებში შესაძლოა იყოს, მაგალითად, ქართული ენის, კონსტიტუციისა და გარკვეული კანონმდებლობის ცოდნა. ეს იქნებოდა სრულიად ლეგიტიმური და სწორი მოთხოვნა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. თუ ქართული იცის ადამიანმა და საქართველოს სახელმწიფოს პატივს სცემს, ეს უნდა გამოიხატებოდეს კონსტიტუციის და კანონდებლობის ცოდნაში. ძალიან ბევრ ევროპულ სახელმწიფოში ეს სტანდარტული მოთხოვნაა", - აცხადებს ლია მუხაშავრია.

იურისტი ლევან ალაფიშვილი აღნიშნავს, რომ თეორიულად ძალიან ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება, მათ შორის რეგულაციების კუთხით, რათა ე.წ. საემიგრაციო საფრთხეები თავიდან ავიცილოთ.

"ეს ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა და შესაბამისად, მოთხვნებიც მრავალფეროვოვანია, მათ შორის სხვადასხვა ცენზი, ქვეყნის ისტორიის, ენის ცოდნა და ა.შ. ეს უნივერსალური მიდგომაა, რომელიც სწორედ ამდაგვარი მიზნებიდან გამომდნარეობს.

"გარდა ამისა, შესაძლებელია იყოს სხვადასხვა მოთხოვნებიც. მაგრამ, მხოლოდ პრეზიდენტის დონეზე ამ გადაწყვეტილების მიღება, რამდენად საკმარისი იქნება, არ ვიცი. იმიტომ, რომ მართალია, პრეზიდენტი კონსტიტუციითაა მოქალაქეობის მინიჭების უფლებით აღჭურვილი, მაგრამ ამავე დროს, არსებობს ორგანული კანონი, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქეობის საკითხებს და პროცედურებს.

"ჯერჯერობით ამ საკითხზე სხვა დეტალები არ არის ცნობილი. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში მოხდება ახალი და დამატებითი რეგულაციების შემოღება, რაც სრულიად ლეგიტიმურია", - ამბობს ლევან ალაფიშვილი და აღნიშავს, რომ მოქალაქეობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ახალი კონსტიტუიის მიღების პერიოდიდან გახდა.

"მოქალაქეობის საკითხთან განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ რამეზე. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ახალი კონსტიტუციის ჭრილში, სადაც ე.წ. შეთავსებით მოქალაქეობის შესახებ წერია. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უჩნდებათ შესაძლებლობა იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც გახდნენ.

"ეს დიდი საფრთხეა, რადგან ჩვენი ოკუპანტი სახელმწიფოს ხელისუფლება მაისიდან აქტიურად ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პასპორტიზაციის გეგმის განხორციელებას, რასაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა უშლის ხელს. ოკუპანტისთვის ეს ძალიან აქტუალური თემაა და ჩვენს ხელისუფლებას თუ გონიერება არ ეყო, კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის მიღებით ოკუპანტის ზრახვებს აძლევს ლეგიტიმაციის საშუალებას. ხოლო რა იმალება რუსული პასპორტიზაციის პოლიტიკის მიღმა, მგონი რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს.

"ანუ, ჩემთვის ეს ორივე უსაფრთხოების ჭრილში განსახილველი საკითხია - როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეს მცდელობა, რომ მოქალაქეობის მოპოვება არ იყოს მარტივი და ამავე დროს, კონსტიტუციური ცვლილება, რომელზეც ჯეროვანი აქცენტი არც პრეზიდენტისგან და არც სხვა პოლიტიკოსებისგან არ გაკეთებულა", - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

ნინი ქეთელაური

წყარო „რეზონანსი"