თუშეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან აქტიურად განახლდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ნიკა სირაძემ განუცხადა.
სირაძის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება ხანძრის დარჩენილი კერების ლოკალიზება. მისივე ინფორმაციით, სამუშაოების წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხელისშემშლელი ფაქტორი რთული რელიეფური პირობებია, რის გამოც ადგილზე სამაშველო სამსახურის სპეციალური ტექნიკა მუშაობას ვერ ახერხებს.
სირაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად ხანძრის ლოკალიზებას ასევე ცდილობენ სატყეო სამსახურის თანამშრომლები და მოხალისეებით დაკომპლექტებული ჯგუფები. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 1 ვერტმფრენი.
„თუშეთში ღამე დავტოვეთ მეხანძრე-მაშველები, ასევე არიან სატყეოს თანამშრომლები მოხალისეებთან ერთად. ადგილზე მუშაობს სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რა პერიოდი დასჭირდება ხანძრის ლოკალიზებას“, - განაცხადა ნიკა სირაძემ.