ბიზნეს სექტორის ბრუნვის 45,9% ვაჭრობის დარგზე მოდის

2017 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 45,9% ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) მოდის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 12,4%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა - 10,1%-იანი წილით და ხელოვნება, გართობა და დასვენება 7,8%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6.3%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3.7%- იანი წილით, ხოლო დარჩენილი 13,9% კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

საანგარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი (21,7%) დამამუშავებელი მრეწველობის დარგზე ნაწილდება. მეორე და მესამე ადგილებს იკავებს მშენებლობა (20,9%) და ვაჭრობა (16,9%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და დასაწყობება - 9,2%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს 31,3 პროცენტიანი წილი უჭირავს.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, ამ ნიშნით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,0%, 13,7% და 10,9% -იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების (10,4%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (8,1%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (10.4%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5,2%).