„გლეხებს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩებათ, თუ კერძო სექტორმა არ ჩაიბარა, სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს“

კახეთში რთველი უკვე დაიწყო, თუმცა გლეხების ცნობით, ყურძნის გაყიდვას ვერ ახერხებენ.

„გვალვამ მოსავალი ისე გაგვიფუჭა, ვიღას ენდომება? თუ სახელმწიფოც არ ჩაიბარებს, სად წავიღო ამდენი ყურძენი?“, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სიღნაღის რაიონის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ბესო მათეშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის განცხადებით, გლეხებს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩებათ და იმ შემთხვევაში თუ ყურძენს კერძო სექტორი არ ჩაიბარებს, სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს.

„გვალვა მართლაც არის კახეთში. თუმცა გლეხი ყველა ვარიანტში ჩააბარებს ყურძენს ან კერძო სექტორს ან სახელმწიფო საწარმოს. ყურძენზე გაზრდილი მოთხოვნაა კერძო სექტორის მხრიდან, მაგრამ თუ ისე მოხდა რომ კერძო სექტორმა არ ჩაიბარა, მაშინ სახელმწიფო ჩაიბარებს. რაც შეეხება ფასებს, რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენს სახელმწიფო 70 თეთრად ჩაიბარებს, თუმცა იმედი გვაქვს, კერძო სექტორი ამას კიდევ უფრო მაღალ ფასად გააკეთებს“, - განაცხადა სამანიშვილმა.

მისივე თქმით, 1 სექტემბრის მდგომარეობით, ყურძნის გადამუშავების სურვილი 60-მდე კომპანიამ უკვე გამოთქვა. თუმცა, სამანიშვილი იმედოვნებს, რომ ორ კვირაში მათი რიცხვი 150-მდე გაიზრდება. რაც შეეხება ყურძენს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, 1 სექტემბრის მონაცემებით 2 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული.