კახა კალაძე - ყველაფერი გავყიდე, ერთადერთი, რაც დამრჩა, ქობულეთში სასტუმროა

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ საქართველოში ბიზნესი არ აქვს და ქობულეთში მხოლოდ ერთი სასტუმროს მფლობელია.

როგორც კალაძემ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მან 2012 წელს პოლიტიკაში მოსვლისთანავე საქართველოში ყველაფერი გაასხვისა.

"მე, მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში რა შემოსავალიც მქონდა, მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემს ქვეყანაში დამებანდებინა. არადა, ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარად იყო ხოლმე, - აქ იპარავდნენ და საზღვარგარეთ გაჰქონდათ. აბა სად უნდა მეკეთებინა ბიზნესი თუ არა საქართველოში?! ბიზნესი არ იყო დიდი, მაგრამ იყო გამართული და მომგებიანი. თუმცა, 2012 წელს, როცა პოლიტიკაში მოვედი, ყველაფერი გავასხვისე, გავყიდე. ერთადერთი, რაც დამრჩა, არის სასტუმრო ქობულეთში, რომელსაც ყურადღებას ვერ ვაქცევ. სამშენებლო ბიზნესს რაც შეეხება, არასდროს მქონია. როდესაც მინისტრად დავინიშნე, აღმოჩნდა, რომ მქონია წილი კომპანია "ჰიდრომშენში" (მგონი სწორად მახსოვს სახელი), რომელიც არც მუშაობდა და ისიც კანონის ფარგლებში გავასხვისე", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში ბიზნეს-წილების მფლობელი, მერობის კანდიდატი პასუხობს, რომ "რაც აქვს, ყველაფერი ასახულია დეკლარაციაში".

იხილეთ ასევე: რა მანქანებს ფლობს კახა კალაძე