საქართველოს ვენახების 65-70% გაშენებული არის უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონში - კახეთში.
აქ გამოყოფილია 25-ზე მეტი მიკროზონა, სადაც ტრადიციულად იწარმოება წარმოშობის ადგილის დასახელების ისეთი ცნობილი ღვინოები, როგორიცაა: წინანდალი, ნაფარეული, თელიანი, ახაშენი, მუკუზანი, ქინძმარაული, გურჯაანი, კარდენახული, ტიბაანი, მანავის მწვანე, ხაშმის საფერავი და სხვა.
საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი სამრეწველო ვენახები მდებარეობს მდინარეების - ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400-700 მეტრ სიმაღლეზე, ტყის ყავისფერ, მდელოს ყავისფერ, რუხ ყავისფერ (წაბლა), ნეშომპალა-კარბონატულ, შავმიწა, მდელოს შავმიწისებრ და ალუვიურ ნიადაგებზე.
კახეთში ძირითადად მაღალხარისხიანი, სუფრის თეთრი და წითელი, მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და სადესერტო ღვინოები იწარმოება.
ევროპული ტიპის სუფრის თეთრი, მაღალხარისხიანი, საუკეთესო საგემოვნო თვისებების მქონე ღვინოები მზადდება წინანდლის, ნაფერეულის, გურჯაანის, მანავის და სხვა მიკროზონებში, ადგილობრივი უნიკალური თეთრყურძნიანი ვაზის: რქაწითელის, მწვანე კახურის, ხიხვის, ქისის და სხვა ჯიშების ყურძნისაგან.
სუფრის წითელი მშრალი, მაღალხარისხიანი, სასიამოვნო ჯიშური არომატის მქონე ღვინოები მზადდება ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის საფერავისაგან, ქინძმარაულის, თელიანის, ახაშენის, მუკუზნის, ხაშმისა და კახეთის სხვა მიკროზონებში.
კახეთში მზადდება წარმოშობის ადგილის დასახელების, ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინოები მხოლოდ ახაშენის, ქინძმარაულის და მუკუზნის მიკროზონებში. აქაური მიკროკლიმატი, ნიადაგები და ქართული ვაზის ჯიშის – საფერავის მაღალი შაქრისა და მჟავების დაგროვების უნარი განაპირობებს ამ ღვინოებისათვის დამახასიათებელ ჰარმონიულ, რბილ, ხავერდოვან, ხალისიან ტონებს და მაღალ საგემოვნო სპეციფიკურ თვისებებს. იხილეთ გაგრძელება