ევროპის ცენტრალური ბანკი ეკონომიკის სტიმულირების შეწყვეტას განიხილავს

"როიტერის" მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ეკონომისტები ევროპის ცენტრალური ბანკისგან (ECB), ევროზონის ეკონომიკის სტიმულირების შემცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ოქტომბერში ელიან.

მათივე უმეტესობის აზრით, ამავე პროგრამის შეწყვეტის თარიღის გამოცხადება წლის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი.

უკვე რამდენიმე თვეა, სავალუტო ბაზარზე ევროს სიმყარეს, სწორედ ეს მოლოდინი განაპირობებს. არადა, ინფლაცია 1.5 პროცენტის დონეზეა, რაც იმავე ECB-ს მიზნობრივ 2 პროცენტზე ნაკლებია. ივლისში ევროპის ბანკმა გამოაცხადა, რომ აქტივების შესყიდვის (ეგრეთ წოდებული რაოდენობრივი შემსუბუქება - QE) პროგრამის შეწყვეტა არ განუხილავს. თუმცა მიანიშნა, რომ ეს საკითხი აქტუალური ალბათ შემოდგომაზე გახდება.

"როიტერის" გამოკითხვაში მონაწილეობა 66-მა ეკონომისტმა მიიღო. მათი სამი მეოთხედი თვლის, რომ ECB აქტივების შესყიდვის პროგრამის შეკვეცის შესახებ ოქტომბერში გამოაცხადებს. საინტერესოა, რომ როიტერსის მიერვე რამდენიმე კვირით ადრე ჩატარებული გამოკითხვისას, ეკონომისტების დაახლოებით ნახევარი ფიქრობდა, რომ ECB სტიმულირების პროგრამის შეკვეცას სექტემბერში დაიწყებდა.

ბოლო გამოკითხვისას, 15 ეკონომისტი კვლავაც ფიქრობს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი სტიმულირების პროგრამის შეკვეცას სექტემბერში დაიწყებს და მხოლოდ ხუთი ფიქრობს, რომ ეს დეკემბერში მოხდება.

„უკეთეს შემთხვევაში, ECB სპეციალურ კომისიას, სექტემბერში QE-ს პროგრამის მიმდინარეობის შეფასებას დაავალებს. შემდგომი მოქმედების შესახებ განცხადების გაკეთება კი ოქტომბერშია მოსალოდნელი“, - ამბობს კომპანია „ING ფაინენშლ მარკეტსის“ მთავარი ეკონომისტი ევროზონის საკითხებში, პეტერ ვან დენ ჰუტე.

აქტივების შესყიდვის პროგრამა დეკემბრამდე მოქმედებს და მისი მომავლის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. ექსპერტების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ECB პროგრამას გააგრძელებს, თუმცა შესყიდვების ყოველთვიური მოცულობა 60 მილიარდი ევროდან 40 მილიარდამდე შემცირდება. ამის საბაბს მათ ის გარემოება აძლევს, რომ ევროზონის ეკონომიკა, ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალი ტემპით იზრდება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ინფლაციის ზრდა ამ ტემპს ჩამორჩება.

წელს ევრო დოლართან მიმართებაში 12 პროცენტით გამყარდა, რაც იმპორტის ფასებს ამცირებს. ეს კი, თავის მხრივ, ინფლაციას ასუსტებს. ევროს სწრაფ გამყარებას სხვა მინუსებიც აქვს, მათ შორის ის, რომ ექსპორტიორების მოგებას ამცირებს. ეს კი ECB-ს შეშფოთებას იწვევს. ცენტრალურ ბანკში კარგად ესმით, რომ სტიმულირების პროგრამის შეკვეცის დაანონსება, ევროს კიდევ უფრო გაამყარებს, რამაც შესაძლოა, ევროზონის ეკონომიკა დააზარალოს. ამიტომ ECB ეცდება, რომ სტიმულირების შეკვეცის გამოცხადების პარალელურად, ეგრეთ წოდებული მტრედული პოზიცია გამოავლინოს, რათა ამით, ევროს სწრაფ გამყარებას ხელი შეუშალოს.