„სილქნეტმა“„თიბისი კაპიტალთან“ ერთად 34 მლნ ლარის ობლიგაციები გამოუშვა

„თიბისი კაპიტალმა“ კომპანია „სილქნეტის“ ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა.

როგორც ”თიბისი ბანკი” იუწყება, ობლიგაციების მოცულობა 34 მილიონი ლარია. საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე პირველად მოხდა კომპანიის მიერ ობლიგაციების გამოშვება.

„სილქნეტის“ ობლიგაციების ვადა 5 წელია. წლიური კუპონი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3.5%-ია. ობლიგაციები საქართველოში არსებულმა ბანკებმა შეიძინეს.

როგორც ”თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ აღნიშნა, აღნიშნული ემისია კომპანია ”სილქნეტის” ზრდას და შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორს და წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტს საქართველოში მსხვილი ემისიის განხორციელებაში დავეხმარეთ. აღნიშნული ემისია კომპანიის ზრდას და შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს,“- განაცხადა გიორგი თხელიძემ.

კომპანია ”სილქნეტის” სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსის ილია ენუქაშვილის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯით საქართველოს სატელეკომუნიკაციო სივრცეში „სილქნეტის“ სახით ჩნდება ფინანსურად სრულიად გამჭვირვალე მოთამაშე.

„ამ ნაბიჯით საქართველოს სატელეკომუნიკაციო სივრცეში „სილქნეტის“ სახით ჩნდება ფინანსურად სრულიად გამჭვირვალე მოთამაშე და ამავე დროს კაპიტალის ბაზრისთვის მიმზიდველი კომპანია. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით და მოხარულები ვართ, რომ პარტნიორობას გვიწევს ისეთი საფინანსო ინსტიტუტი, როგორიც „თიბისი კაპიტალია“. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ „სილქნეტია“ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ის ქართული კომპანია, რომელმაც პირველმა გამოუშვა ლარში ობლიგაციები“, - განაცხადა ილია ენუქაშვილმა.

„თიბისი კაპიტალი“ ”თიბისი ბანკის” შვილობილი კომპანიაა, რომელიც საინვესტიციო საბანკო ბიზნეს საქმიანობას ეწევა. „თიბისი კაპიტალი“ კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს საკონსულტაციო, კვლევით და საბროკერო მომსახურებას.

სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ინტერნეტს, სატელევიზიო, ფიქსირებულ სატელეფონო და ბიზნეს სატელეკომუნიკაციო სერვისებს აწვდის. კომპანიას FITCH-ის მიერ მინიჭებული აქვს B+ რეიტინგი.

„სილქნეტი“ 2017 წლის 6 თვის მონაცემებით (gncc) საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის 41%-ს ფლობს, მაუწყებლობის ტრანზიტზე (IPTV) ბაზრის 30% - ს, ხოლო ფიქსირებული სატელეფონო ქსელით მომხმარებელთა 48% ემსახურება.

კომპანიაში დასაქმებულია 1600-ზე მეტი სპეციალისტი.