ექსპერტ ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, ტექნიკურად, დრონებით ხანძრის გაჩენის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ასე იყო თუ არა. მისი თქმით, ”არსენალის” რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას არსებობის საფუძველი აქვს.
”გამოძიებამ ნებისმიერი ვერსია უნდა განიხილოს, მათ შორის ის, რაც ალადაშვილმა თქვა. სამხედრო ექსპერტია და ესმის ეს თემა კარგად. ტექნიკურად შესაძლებელია, რაც მან აღწერა, მაგრამ რამდენად ასე იყო, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს”, - განაცხადა ხარშილაძემ.
ანალიტიკოსი და ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ვარაუდობს, რომ ტყეებში ხანძრის გაჩენის მიზეზი შესაძლოა, დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, იგივე დრონები იყოს.
როგორც ირაკლი ალადაშვილი წერს, დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, იგივე დრონები, როგორც თვითმფრინავის, ისე შვეულმფრენის პრინციპით მფრენი თითქმის იდეალური საშუალებაა მიუვალ ტყის ფერდობებზე ხანძრების კერების გასაჩენად, განსაკუთრებით ღამით, როდესაც ერთ-ორმეტრიანი დრონის და მით უმეტეს, უფრო მინიატიურული კვადროკოპტერის შემჩნევა, როდესაც მათ გამორთული აქვთ გაბარიტული მაშუქები, თითქმის შეუძლებელია.
„მათი აღმოჩენა ყველაზე ძლიერი რადიოლოკაციური კონტროლის მქონე ქვეყნების არმიებსაც უჭირთ და ცხადია, მით უფრო გაუჭირდებოდა ქართულ საჰაერო თავდაცვას, თანაც ხეობებში, დაბალ სიმაღლეზე. საშუალო ზომის რუსულ სადაზვერვო დრონებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ადვილად შეეძლოთ ბორჯომის ხეობაში ღამით მალულად შემოფრენა და მცირეგაბარიტიანი ტერმიტული ყუმბარების ჩამოყრა, რომლებიც მაღალი ტემპერატურის გამოყოფით იწვის და კომპოზიციური მასალისგან დამზადებული ყუმბარის კორპუსსაც უკვალოდ "აქრობს", რათა ნივთმტკიცება არ დატოვოს. მსგავსი რამ მოხდა ამა წლის გაზაფხულზე ომის ცეცხლში გახვეულ უკრაინაში, ხარკოვთან, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბალაკლეის შეიარაღების საწყობში, სადაც 150 ათასამდე ტონა საბრძოლო საჭურველი ინახებოდა. 23 მარტს საწყობში გაჩნდა ხანძარი, რომელმაც ათასობით მსხვილკალიბრიანი ჭურვი და რაკეტა ააფეთქა და უკრაინული არმიის ტყვია-წამლის მარაგი მეტისმეტად შეამცირა. უკრაინელები დარწმუნებულები არიან, რომ ეს რუსული სპეცსამსახურების დაგეგმილი დივერსია იყო და აფეთქება დრონიდან ჩამოგდებულმა ტერმიტულმა ყუმბარამ გამოიწვია“, - ნათქვამია სტატიაში.