კახეთში ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილე ოთხივე ვერტმფრენმა მუშაობა დილამდე შეაჩერა

კახეთის რეგიონში, ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილე ოთხივე ვერტმფრენმა მუშაობა ხვალამდე შეაჩერა. სოფელ ართანას მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩება ცოცხალი ძალა, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სიტუაცია კვლავ კონტროლირებადია და ხანძრის ხელახალი კერების გაჩენის საფრთხე არ არსებობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღეა მიმდინარეობს. კონკრეტულად რა დრო დასჭირდება ხანძრის ძირითადი კერების სრულ ლიკვიდაციას, ჯერჯერობით უცნობია.