რადგან მომავალი წლების განმავლობაში ჩვენ დიდი რაოდენობით ავტობუსების შეძენა მოგვიწევს, ვიმუშავებთ იმაზე, რომ მათი აწყობა-წარმოება მოვახერხოთ საქართველოში, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ პროგრამულ ხედვების წარდგენისას განაცხადა.
მან შვიდი მიმართულება გამოყო, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნო პროგრამა შემუშავდება და რომელზეც მისი გუნდი გამარჯვების შემთხვევაში იმუშავებს. კახა კალაძემ ”სატრანსპორტო პოლიტიკაზე” საუბრისას აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახლდება, ასევე, ჩატარდება მეტროს სადგურების რეკონსტრუქცია.
„ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ ქალაქის სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია თბილისის ურბანულ განვითარებაში. განისაზღვრება ახალი სატრასნპორტო დერეფნები და გაფართოვდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო სქემა. დღეს, სამწუხაროდ, კონკრეტულ რაიონებში არსებობს უბნები, სადაც მაგალითად არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ან თუ მოძრაობს, დიდი ინტერვალია, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.
ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. ის უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ - პოპულარული. განხორციელდება მეტროს რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები, არსებული მეტროს სადგურების რეკონსტრუქცია და დაიგეგმება მეტროს ახალი ხაზების განვითარება. განახლდება თბილისის ავტობუსისა და მიკროავტობუსების პარკი თანამედროვე კომფორტული ავტობუსებით.
რადგან მომავალი წლების განმავლობაში ჩვენ დიდი რაოდენობით ავტობუსების შეძენა მოგვიწევს, ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ამ ავტობუსების აწყობა-წარმოება მოვახერხოთ საქართველოში”, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ქალაქში საცობების პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მის გუნდს კონკრეტული გეგმა აქვს. მისი თქმით, ყველა პირობა შეიქმნება, რომ პარკირების სისტემა უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს.
”საცობების განტვირთვის მიზნით ამუშავდება სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მუდმივ რეჟიმში მოხდება თბილისის ქუჩების მონიტორინგი, გადატვირთული წერტილების გამოვლენა და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა. გარდა ამისა, განხორციელდება მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები. მოწესრიგდება პარკირება და მოეწყობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგები. ამუშავდება ჯარიმების სამართლიანი სისტემა. მერიას ამ მიმართულებით სამუშაოები ჩატარებული აქვს და სრული სურათი გვაქვს, თუ რამდენი მიწისქვეშა პარკინგი უნდა განხორციელდეს. არჩევნების შემდეგ აუცილებლად დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელბას. ყველა პირობა შეიქმნება რომ პარკირების სისტემა უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს”, - განაცხადა კახა კალაძემ.