კახი კალაძე - ღამის ეკონომიკის განვითარება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას მოგვცემს

ქალაქის ეკონომიკურ განვითარებასა და მისი პოტენციალის სათანადოდ ათვისებას საფუძვლად მუნიციპალური განვითარების გეგმა დაედება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ქალაქის ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაციაც განხორციელდება.

„სამწუხაროდ, დღეს ქალაქს ერთიანი ეკონომიკური ხედვა არ აქვს. ამიტომ, პირველი, რასაც გავაკეთებთ, აუცილებლად ჩამოყალიბდება მუნიციპალური განვითარების გეგმა, რომელიც საფუძვლად ქალაქის ეკონომიკურ განვითარებასა და მისი პოტენციალის სათანადოდ ათვისებას დაედება. ასევე, განხორციელდება მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაცია“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაცია და ეკონომიკური მიზნებისთვის მისი მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება მოხდება. კახა კალაძემ ეკონომიკის პოლიტიკაზე საუბრისას ყურადღება, ასევე, ღამის ეკონომიკასა და ამ მიმართულებით სამუშაო ადგილების შექმნაზე გაამახვილა.

„ბევრ ევროპულ ქალაქში ეს სიახლეა. ამ მიმართულებით დაწყებული აქვთ მუშაობა და გამონაკლისი ჩვენი ქალაქიც არ იქნება. ღამის ეკონომიკის განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას მოგვცემს. ჩამოყალიბდება და განხორციელდება ღამის ეკონომიკის კონცეფცია, რომელიც უბნების განვითარებას და ახალი სივრცეების ათვისებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა.

მისივე განმარტებით, ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება, ახალ სტარტაპებს წაახალისებს და ქალაქის საგადასახადო შემოსავლებს გაზრდის. „იქნება გათვლილი ტურისტული პოტენციალი და ქალაქის ინტერესებისთვის ამის სწორად გამოყენება. მიხარია, რომ ყოველწიურად ტურისტული ნაკადი ჩვენს დედაქალაქში იზრდება, თუმცა მეტი შესაძლებლობები გვაქვს იმისთვის, რომ თბილისი უცხოელი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის პრეზენტაცია დღეს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართა.