მეხანძრე-მაშველებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები განაახლეს, ვერტმფრენები კი სამუშაოებში ნისლის გაფანტვის შემდეგ ჩაერთვებიან , - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ართანას მიმართულებით არის ყველაზე შრომატევადი სამუშაო. მაშველებმა დღეს დილიდან განაახლეს სამუშაოები. ამ დროისთვის 350 ადამიანი მუშაობს. აღსანიშნავია, რომ საღი ტყე არ იწვის, ძირითად ჩამოვარდნილი ტოტები, წაქცეული ხეები და ფოთლები იწვის. ამიტომ მხრჩოლავი დაკვამლიანება არის, მაგრამ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
გამგებლის ინფორმაციით, სტაბილური ვითარებაა თუშეთის მიმართულებით.
„გუშინ ღამე მობილური წყლის ავზები ავიტანეთ და ვერტმფრენი ჩადგამს იქ, სადაც ადრე ხანძრის კერები იყო. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ უცებ წარმოიშვა საშიშროება, მაშველებს იქ ექნებათ წყლის რესურსი. ამის შემდეგ ვერტმფრენი თუშეთში აღარ დაგვჭირდება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სტაბილური მდგომარეობაა შილდის მიმართულებითაც, სადაც ხანძარი ლოკალიზებულია და აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს.