2017 წლის ივლისში, ეკონომიკური ზრდა 3,8% იყო, ხოლო წინასწარი მონაცემებით, 7 თვეში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4,4% შეადგინა , - ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მაჩვენებელია დასაქმების სექტორშიც და 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, დასაქმების კუთხით 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო დაქირავებით დასაქმებულების კუთხით 6%-იანი ზრდა.
”როგორც იცით, ივლისის თვის ეკონომიკური ზრდა 3,8%-ს შეადგენს, ხოლო 2017 წლის 7 თვის საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 4,4%-იანი ზრდა. საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წლისთვის დაგეგმილია 4% და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ეს პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდება და ჩვენ გავალთ უფრო მაღალ მაჩვენებელზე, ვიდრე წინასწარი ზრდა იყო დაგეგმილი, ამისთვის დღესდღეობით ყველა წინაპირობა არსებობს.
მეორე მხრივ, როგორც ვიცით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის და განვითარების მთავარი წარმმართველი არის კერძო სექტორი, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია თავად კერძო სექტორში რა მაჩვენებელი გვაქვს, რა ხდება და როგორ ვითარდება კერძო სექტორი. უახლესი მაჩვენებლებით, 2017 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებლებით, ჩვენ გვაქვს ზრდა კერძო სექტორის მიმართულებითაც. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, ბრუნვა გაიზარდა 16, 9%-ით, ხოლო გამოშვება გაიზარდა 18,9%-ით. ზრდა გვაქვს პრაქტიკულად ყველა სექტორში, როგორიცაა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ენერგეტიკა და ა.შ.
ასევე, მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მაჩვენებელი გვაქვს დასაქმების კუთხით. ბუნებრივია, კერძო სექტორი არის სამუშაო ადგილების მთავარი შემქმნელი და აქ რა ტენდენციებიც შეინიშნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, დასაქმების კუთხით გვაქვს 5%-იანი ზრდა, ხოლო დაქირავებით დასაქმებულების კუთხით 6%-იანი ზრდა. ნელ-ნელა საქართველოს ეკონომიკაში შეინიშნება გაჯანსაღების ტენდენცია, რისი მაჩვენებელიც ის არის, რომ დასაქმებულებში დაქირავებით დასაქმებულების წილი იზრდება, ხოლო თვით დასაქმებულების წილი შესაბამისად ნელ-ნელა იკლებს. რაც ასევე პროდუქტიულობის ზრდის მაჩვენებელია”, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
როგორც ნინო ჯავახაძემ განაცხადა, აგვისტოში -1 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში და ქვეყნების მიხედვით კვლავ ლიდერობენ მეზობლები - აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, ასევე ევროკავშირის ქვეყნები. ამავე დროს, უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა დაფიქსირდა ირანიდან (+141.9%), საუდის არაბეთიდან (196.4%) და ინდოეთიდან (98.9%).
”ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ ეკონომიკურ ზრდაზე. ამ მხრივ, ექსპორტის მიმართულებით ზრდა გვაქვს, 2017 წლის 7 თვეში ჩვენ გვაქვს 28, 9%-იანი ექსპორტის ზრდა. ძირითადი მიმართულებები არის: სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტის ზრდა 21%-ით; ფეროშენადნობის ექსპორტი 14%-ით; ღვინის ექსპორტი 38%-ით; სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 105%-ით; სპირტიანი სასმელების ექსპორტი 52%-ით”, - განაცხადა ჯავახაძემ.
2017 წლის აგვისტოში ტურიზმის თვალსაზრისით უპრეცედენტო ზრდაა.
”მხოლოდ 2017 წლის აგვისტოში საქართველოში ტურისტების რეკორდული რაოდენობა - 1 მილიონზე მეტი ადამიანი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე 27.4%-ით მეტია. 24 საათი და მეტი ვადით დარჩენილი ტურისტების რაოდენობამ 573.4 ათასი ადამიანი შეადგინა (ზრდა 27.2%). ასევე, 2017 წლის 8 თვეში საქართველოს 5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა (ზრდა 18.9%), აქედან ტურისტი - 2.4 მლნ ადამიანი (ზრდა 29.4%).
საქართველოს მთავრობა შემდგომშიც განაგრძობს ეკონომიკურ ზრდაზე მიმართულ რეფორმებს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დადებითი ტენდენციები შენარჩუნდება”, -განაცხადა ნინო ჯავახაძემ.