შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, დღეს გახდება ცნობილი

შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, დღეს გახდება ცნობილი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 26 ივლისს ჩატარდა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 7.0 %-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევრიდან შემცირებას დაიწყებს და ერთჯერადი ფაქტორების გავლენის ამოწურვასთან ერთად, მომავალი წლის დასაწყისში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

სებ-ის განმრატებით, აღნიშნულის გათვალისწინებით პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება. დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირება.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შედეგად, ასევე უცვლელი დარჩა პროცენტი იმ სესხებზე, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზე არიან მიბმულები. „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 2017 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, 30699 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვალათ.