აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 2,9 მილიარდი დოლარი გაათეთრა

აზერბაიჯანის ხელისუფლება ე.წ. შავ სალაროს იყენებდა ევროპელი პოლიტიკოსებისათვის, რომლებიც ევროკავშირში აზერბაიჯანის ინტერესებს ლობირებდნენ და აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით რეზოლუციებს ბლოკავდნენ , - ამის შესახებ ინფორმაციას Organized Crime and Corruption Reporting Project-ის საგამომძიებო ჟურნალისტები ავრცელებენ, რომელსაც The Guardian-ი ავრცელებს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული ფიქტიური კომპანიების Metastar Invest, Polux Management და ა.შ. მეშვეობით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 2,9 მილიარდი აშშ დოლარის გათეთრება მოახდინა. კომპანიები დანიურ ბანკის Danske Bank-ის ესტონურ ფილიალთან მუშაობდნენ. თანხის თითქმის ნახევარი გამოყოფილი იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო ბანკიდან International Bank of Azerbaijan-დან.

ჟურნალისტებმა ასევე გამოავლინეს ევროპელი პოლიტიკოსების მოქრთამვის რამდენიმე შემთხვევა. კერძოდ, გერმანელმა პოლიტიკოსმა, ბუნდესტაგის ყოფილმა დეპუტატმა ედუარდ ლინტნერმა 2013 წლის 25 ოქტომბერს 61 ათასი ევრო მიიღო კომპანია Polux Management-სგან, ხოლო ორ კვირაში კი აზერბაიჯანში არჩევნებზე გერმანელი დამკვირვებლების კომისიის ხელმძღვანელი გახდა და დადებითი დასკვნა დაწერა აზერბაიჯანში გამართულ არჩევნებზე. Organized Crime and Corruption Reporting Project-ის ინფორმაციით, 2012-დან 2014 წლის ჩათვლით ედუარდ ლინტნერმა 891 ათასი ევრო მიიღო ბრიტანული ფირმებისგან.

საგამომძიებო ჟურნალისტების ინფორმაციით, ფული ასევე მიიღო ბულგარელმა პოლიტიკოსმა, იუნესკოს ყოფილმა დირექტორმა კალინ მიტრიევმა. Polux Management-მა მას 2013 წლის 25 ოქტომბერს 20 ათასი ევრო გადაურიცხა, ხოლო სამ დღეში კი მისმა მეუღლემ გამოფენა „აზერბაიჯანი ტოლერანტობის სივრცე“ მოაწყო. საერთო ჯამში მიტრიევმა ბრიტანული კომპანიებისგან 425 ათასი ევრო მიიღო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნეს, რომ „არც აზერბაიჯანის პრეზიდენტს, არც მისი ოჯახის წევრებს კავშირი არ აქვთ აღნიშნულ ბრალდებებთან და რომ ამ ბრალდებებს პროვოკაციული ხასიათი აქვს“.