ჯერჯერობით უცნობია, გადაიდება თუ არა ცნობილი ბრიტანელი მომღერლის, ვოკალისტის, ელტონ ჯონის დაგეგმილი კონცერტი საქართველოში, - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ”ისთერნ ფრომოუშენის” დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განცხადებით, 2 დღის წინ სოციალურ ქსელში საუბარი დაიწყო იმის თაობაზე, რომ ელტონ ჯონის ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, სტივ ჯონსონს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. კერესელიძის განმარტებით, ამ დროისთვის ელოდებიან მედიკოსების პასუხს, შეძლებს თუ არა სტივ ჯონსონი კონცერტში მონაწილეობის მიღებას და ამის შემდეგ გაირკვევა, დარჩება თუ არა 16 და 17 სექტემბერი უცვლელ თარიღად, რა რიცხვებშიც კონცერტი უნდა გაიმართოს „ბლექ სი არენაზე“.
”2 დღეა სოციალურ ქსელში მითქმა-მოთქმაა პრობლემებზე. ეს პრობლემა უკავშირდება მუსიკოს სტივ ჯონსონს, რომელიც ელტონ ჯონის ჯგუფის უცვლელი წევრია. მას ხელზე პრობლემები შეექმნა. ოპერაცია გაუკეთდა და ახლა ექიმები გაარკვევენ, შეძლებს თუ არა ის კონცერტში მონაწილეობას. ჯერჯერობით ძალაშია დანიშნული თარიღები კონცერტთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ ეს თარიღები შუცვლელი დარჩება. ამ ეტაპზე სხვა არაფერი იცვლება, ხოლო თუ რაიმე შეიცვლება ეტაპობრივად შეგატყობინებთ”, - განაცხადა გიორგი კერესელიძემ.
რაც შეეხება გაყიდულ ბილეთებს, იმ შემთხვევაში, თუკი დაგეგმილი კონცერტები გაუქმდება, გიორგი კერესელიძის განცხადებით, ყველა ბილეთის გადახდილი თანხა მფლობელებს უკან დაუბრუნდება.
გიორგი კერესელიძის განმარტებით, ამ დროისთვის უპრეცედენტო რაოდენობის ბილეთია გაყიდული.