ადგილობრივების თქმით, სოფელი ბობნევი შესაძლოა წყლის გარეშე დარჩეს

გორის რაიონი სოფელი ბობნევი შესაძლოა, წყლის გარეშე დარჩეს. ამ წუთებში ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს. როგორც ადგილობრივმა ანა ქერდიყოშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ახალი პროექტის მიხედვით სოფელი წყლის გარეშე რჩება.

„უკვე წლებია სოფელ ატენს წყალი ჩვენი სოფლიდან, ბობნევიდან მიეწოდება. ახლა გაყავთ ახალი მილები, თუმცა როგორც გავიგეთ ახალ მილებზე ჩვენს სოფელს აღარ აერთებენ. გამოდის, ახალი მილებიდან ჩვენ წყალი აღარ შეგვხვდება. ძველი წყლის გაყვანილობა 70 წლის წინ არის გაკეთებული, რომელიც ამორტიზებულია. ეს ძველი მილები რომც დატოვონ, ერთ წელიწადში მოიშლება. ამიტომ ახალ მილებზე შეერთებას ვითხოვთ. 30 მოსახლე წყლის გარეშე რჩება. აქციებს იქამდე გავაგრძელებთ, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკამაყოფილებენ და პროექტში არ ჩაგვსვამენ“, - ამბობს ანა ქერდიყოშვილი.

როგორც სოფელ ბობნევში გორის გამგებლის წარმომადგენელმა კახა თინიკაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განცხადა, პრობლემა მოგვარებადია და მოსახლეობას მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს.

„პროექტით სოფელი ბობნევიც გათვალისწინებულია, სასმელი წყალი ადგილობრივებს აუცილებლად ექნებათ. მოსახლეობას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს“, - განაცხადა თინიკაშვილმა.