ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) სამაგალითო საფინანსო ინსტიტუტია და გამოირჩევა ინოვაციებით ჩვენს ქვეყანაში, ბანკმა საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, ასეთ პროექტებს შორის პირველმა ვიცე-პრემიერმა დაასახელა ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება, აგრეთვე ევროკომისიასთან ერთად მიმდინარე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების მხარდამჭერი პროექტი, ის ითვალისწინებს ლარში დენომინირებული სესხების გაცემას საქართველოს კომპანიებისთვის.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს, რომელიც არის ექსპორტზე ორიენტირებული და იმპორტის ჩამნაცვლებელი ღია ბაზრის პირობებში.
”EBRD არის ის დონორი ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში 200-ზე მეტ პროექტში დაახლოებით 3 მილიარდ ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ბანკი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის განვითარებას როგორც ინსტიტუციური განვითარების, ასევე სტრუქტურული რეფორმებისა და კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.