ჩვენი სახელმწიფო სათანადოდ მოემზადა წლევანდელი რთველისთვის და არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში, კახეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
„ჩვენ მივხედეთ, პირველ რიგში, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, მივხედეთ სოფლის მეურნეობას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ქართველი კაცი დაუბრუნდა მევენახეობას, ჩვენ გადავარჩინეთ ვენახები გაჩეხვას და დღეს გვაქვს ვენახების გაშენების მზარდი ტენდენცია. ჩვენ 500 მილიონ ლარამდე შემოსავალი მივიღეთ კახეთში მარტო მევენახეობის განვითარებით და ეს ტენდენცია გაგრძელდება. ჩვენი სახელმწიფო სათანადოდ მოემზადა წლევანდელი რთველისთვის და არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. ჩვენ ავირჩიეთ სოფლის მეურნეობის განვითარების სწორი მოდელი და ეს ეხება არა მარტო მევენახეობა-მეღვინეობას, არამედ ეს ეხება მეხილეობის განვითარებას. ეს არის პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომელიც სამი წლის წინ დაიწყო. ჩვენ არ გავაკეთეთ აქცენტი მყისიერ მოგებაზე, არამედ ეს პროგრამა ოთხი-ხუთი-ექვსი წლის თავზე იწყებს მოგებას და ჩვენ დღითიდღე, დღეიდან მოყოლებული დავიწყებთ დანახვას, თუ როგორ გაძლიერდება სოფლად მცხოვრები სწორედ ამ პროგრამების შედეგად“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, უპრეცედენტოდ მზარდი ტენდენციაა ღვინის რეალიზაციის კუთხით. „ჩვენ მიზნად დავისახეთ ჩვენი ღვინის გასაღების ბაზრების განვითარება და გვაქვს უპრეცედენტოდ მზარდი ტენდენცია ჩვენი ღვინის გასაღების ბაზრის. სწორედ ამის გამო ჩვენ გვაქვს ათობით ახალი მეღვინეობის საწარმო კახეთში გახსნილი. ეს არ არის ჯერ კიდევ სრული წარმატება და რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია გაგრძელდება“, - აღნიშნა პრემიერმა.