სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საპატიმროების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებში პროდუქტების ღირებულების შემოწმებას იწყებს.
ამის შესახებ მინისტრის, კახა კახიშვილის 1 სექტემბრის ბრძანებაშია ნათქვამი.
ბრძანების თანახმად, ინსპექტირებისას მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულების ამავე პროდუქციის საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობა შემოწმდება.
„მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულებას ამოწმებს ინსპექტირების კომისია, რომლის შემადგენლობა და თავმჯდომარის ვინაობა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მაღაზიაში გასაყიდი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ზუსტი ანალოგი (ბრენდი) საცალო ვაჭრობით დაკავებული მსხვილი ობიექტების გაყიდვაში არ არის, დაწესებულების მაღაზიაში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფასი კომისიის მიერ სხვა ნებისმიერ 3 სავაჭრო ობიექტში იდენტური საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფასს 10%-ით არ უნდა აღემატებოდეს“, - ნათქვამია ბრძანებაში.
როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, ინსპექტირების კომისია ატარებს როგორც გეგმურ, ასევე არაგეგმურ ინსპექტირებას. ბრძანების მიხედვით, დაწესებულების თითოეულ მაღაზიაში გეგმური ინსპექტირება წელიწადში არანაკლებ ოთხჯერ უნდა ჩატარდეს.
რაც შეეხება არაგეგმური ინსპექტირების ჩატარებას, მისი საფუძველი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულების შესახებ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჩივარი.