„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.
როგორც „საზოგადოება და ბანკები“ იუწყება, 2017 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 31 574 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულია. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ, რადგან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 7,0%-ზე დატოვა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 1391,5 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
„1-ელი ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 875-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 1355,0 მილიონიდან 1391,5 მილიონ ლარამდე.
31574 ხელშეკრულებიდან 15167 სამომხმარებლო სესხია. მოცულობა კი 192,0 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აგვისტოსთვის 14.4% შეადგინა. რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აგვისტოს მონაცემებით 11381 სესხია მიბმული, საშუალოდ 10,9%-ში. მთლიანი პორტფელი კი 468,2 მილიონი ლარია. 3102 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 692,75 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 143,4 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12,9%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 აგვისტოს მონაცემებით 549,3 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.9%-ში. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 აგვისტოს მონაცემებით 275 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 4050 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 14,04%-ში გაასესხეს. ასევე გაცემულია 1649 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 34,5 მილიონი ლარია“, - ნათქვამია „საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 აგვისტოს მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 17,5%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
„დღევანდელი მდგომარეობით, ინფლაციის მაჩვენებელი 5.7%-ია, რაც ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია, თუმცა წლის ბოლომდე მოსალოდნელია ინფლაციის კიდევ უფრო შემცირება. ჩვენი აზრით, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების ეფექტი ინფლაციაზე არ იქნება მაღალი და სტაბილური გაცვლითი კურსის პირობებში არ არის მოსალოდნელი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან 65%-დან 58%-მდე შემცირდა, რისი ძირითადი იმპულსი სესხებზე არსებული რეგულაციებია“, - აცხადებენ „საზოგადოება და ბანკებში“.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რეგულაციების პირობებში ეკონომიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლარის ფინანსური რესურსის არსებობა და შერბილებული მონეტარული პოლიტიკა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.