2017 წლის 8 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.7%-ით შემცირდა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 733-ით ნაკლები ადამიანი დაშავდა.
„საქართველოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმა. ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ რეფორმის განხორციელებას და გვაქვს პირველი მონაცემებიც: 2017 წლის 8 თვის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 421 შემთხვევით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე, რაც 10.7%-იან კლებას წარმოადგენს. შედეგად, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევებში გვყავს 733 დაშავებულით ნაკლები (-12.9%) და 44-ით შემცირდა ავარიების დროს გარდაცვლილთა მაჩვენებელი (-15.6%). ჩვენ ყველას გვჯეროდა, რომ ეს რეფორმა ჩვენს ქვეყანას უფრო უსაფრთხოს გახდიდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.