ევრო დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს

მას შემდეგ, რაც ევროს ფასმა აგვისტოს მიწურულს 1.20 დოლარს მიაღწია, ანალიტიკოსებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ევროპული ვალუტა ინვესტორებისთვის ეგრეთ წოდებული „რისკებისგან თავშესაფარი“ აქტივი გახდა.

თუმცა, ეს რეალური პრობლემაა ევროპის ცენტრალური ბანკისთვის (ECB), რომელიც ევროზონის ეკონომიკური სტიმულირების პროგრამის შეკვეცის დაწყებას გეგმავს.

ამასთან, ევროს ამგვარ შეფასებას ბევრი გადაჭარბებულად მიიჩნევს, რადგან საბერძნეთის კრიზისის შემდეგ, ინვესტორები სტრესულ სიტუაციებში მაინც მოერიდებიან საკუთარი ფულადი სახსრების ევროში შენახვას, როგორც ამას შვეიცარიული ფრანკის შემთხვევაში აკეთებენ.

და მაინც, ჩრდილოეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის უკიდურესი დაძაბულობის ფონზე, ევრო დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.

ნაწილობრივ ამას დოლარის სისუსტე განაპირობებს, რაც იმ მოლოდინმა განაპირობა, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა ამერიკულ ვალუტაზე წელს საპროცენტო განაკვეთს არ ასწევს. გარდა ამისა, პრეზიდენტი ტრამპი ვერც საგადასახადო რეფორმის გატარებას და ვერც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხარჯის გაზრდას ახერხებს. როგორც წესი, როცა დოლარი სისუსტეს ავლენს, ინვესტორები ევროპული ვალუტისადმი მეტ ნდობას ავლენენ.

ბოლო წლებში ინვერსტორების „მადა რისკებისადმი“ და ევროს კურსი ერთგვარ ტანდემში მოძრაობენ. ეს განსაკუთრებით ევროზონის კრიზისის დროს გამოვლინდა, როცა აქციების მასობრივი გაყიდვის კვალობაზე, ევროს ფასიც კლებულობდა. მაგრამ ახლა სიტუაცია იცვლება. და თუ ევროპული ვალუტა დაკარგავს რისკული აქტივის წოდებას, ევროპის ცენტრალურ ბანკს, ამ სიტუაციისადმი თავის ქმედებათა შეთანწყობა მოუწევს.

ფაქტია, რომ მყარი ევრო აზარალებს ექსპორტიორებს და რაც მთავარია, ხელს უშლის ECB-ს მცდელობას, ევროზონაში ინფლაციის მიზნობრივ 2 პროცენტს მიაღწიოს. სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება სტიმულირების 2 ტრილიონ ევროიანი პროგრამა, რომლის შეკვეცასაც ამჟამად ევროპის ცენტრალურ ბანკში განიხილავენ. სტიმულირების პროგრამის შეკვეცას ის გარემოებაც აძლიერებს, რომ ძალიან გაჭიანურდა და დაბალი ტემპით მიმდინარეობს ხელფასების ზრდის პროცესი.

ხუთშაბათს ევროპის ცენტრალური ბანკი, ევროს საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. პრაქტიკულად არავის ეპარება ეჭვი, რომ განაკვეთი უცვლელად დარჩება. მაგრამ ECB-ს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პრესკონფერენციას გამართავს ბანკის პორეზიდენტი მარიო დრაგი, რომელსაც აუცილებლად ჰკითხავენ სტიმულირების პროგრამის შესახებ. მას ფრთხილი პასუხის გაცემა მოუწევს, რადგან მის გამოსვლაში ეგრეთ წოდებული ქორული განწყობის შემჩნევისთანავე, ინვესტორები ისევ ევროს შესყიდვას დაიწყებენ, რაც ევროპული ვალუტის გამყარებას გამოიწვევს. ეს კი ევროზონის ეკონომიკისთვის არასასურველი იქნება, რადგან გართულდება ინფლაციის დონის 2 პროცენტამდე ამოწევა. ამ შემთხვევაში კი ECB-ს სტიმულირების პროგრამის გაგრძელება მოუწევს, რაც ასევე არასასურველია.