პარლამენტში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტის ინიცირება იგეგმება, რომელიც საჯარო სექტორში ხელფასებთან და სახელფასო დანამატებთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს.
აღნიშნული პროექტის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
”კანონპროექტი მომზადებულია და მოხდება მისი ინიცირება. პროექტის განხილვა მიმდინარე სესიაზე გველოდება. ეს არის კანონპროექტი, რომელიც საჯარო სამსახურში განხორციელებული რეფორმიდან გამომდინარეობს. ეს არის შრომის ანაზღაურების შესახებ კანონი. ქართულ სამართლებრივ სისტემაში მსგავსი კანონი არ ყოფილა. მან მთელი რიგი მნიშველოვანი საკითხები უნდა დაარეგულიროს, რომელიც ეხება ხელფასებს, დანამატებს და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი, რომლის აქტუალობის თაობაზე ხშირად გაჟღერებულა”, - განაცხადა გიორგი კახიანმა.