სუსტი ინფლაციური მონაცემების ფონზე, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წევრები სულ უფრო მეტად ავლენენ ეგრეთ წოდებულ მტრედულ განწყობას, როცა ლაპარაკია მიმდინარე წელს დოლარის საპროცენტო განაკვეთის მესამედ აწევაზე.
ინვესტორები და ანალიტიკოსები უკვე თამამად მოქმედებენ, როცა დოლარის უფრო მეტად დასუსტებაზე აკეთებენ აქცენტს. ამერიკულ ვალუტას მორიგი დარტყმა ფედის წევრებმა მიაყენეს, რომლებმაც საპროცენტო განაკვეთის წელს მესამედ აწევა, ეჭვქვეშ დააყენეს.
ფედის ერთ-ერთმა წევრმა ლეალ ბრენარდმა განაცხადა, რომ განაკვეთის აწევის გადაწყვეტილების მიღებამდე, ფედი უნდა დარწმუნდეს, რომ ინფლაციის დონე მიზნობრივ 2 პროცენტზე ოდნავ მაღლა ავიდა.
ცნობისათვის, ამჟამად ინფლაცია მხოლოდ 1.4 პროცენტზეა ასული. ბრენარდი ფედის იმ წევრთაგანია, ვინც განაკვეთის აწევას ეწინააღმდეგებოდა. საინტერესოა, რომ ბრენარმა ასეთივე მოსაზრება შარშანაც გამოთქვა და მაშინ, დოლარზე საპროცენტო განაკვეთის აწევა რამდენიმე თვით გადაიდო.
ამ საკითხთან დაკავშირებით, უფრო მკვეთრი განცხადება ფედის კიდევ ერთმა „მტრედმა“ წევრმა, ნილ კაშკარიმ გააკეთა. ის ამბობს, რომ განაკვეთის წინა ორმა აწევამ, ამერიკის ეკონომიკა დააზარალა და ამან სამუშაო ადგილების რიცხვის ზრდის ტემპი შეანელა. ეს კი ინფლაციურ მოლოდინს აუარესებს. განაკვეთის ზრდის პროცესის შენელებას ემხრობა ჯერომ პაუელიც და ფედის ხმის უფლების არმქონე წევრი რობერტ კაპლანიც, ვინც ამბობს, რომ ფედრეზერვს ამ საკითხში მეტი მოთმინება მართებს.
იმავდროულად, ბრენარდმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ფედის მიერ დაგროვილი 4.5 ტრილიონ დოლარის აქტივების გაყიდვის დაწყებას. მისი თქმით, უმუშევრობის დონის 4.4 პროცენტიდან კიდევ უფრო შემცირებით, გაიზრდება მოსახლეობის მიერ ფულადი სახსრების ხარჯვა, რაც ინფლაციის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ შემთხვევაში, ფედრეზერვი დაუახლოვდება ივნისის პროგნოზულ მაჩვენებლებს, რაც განაკვეთის ჭერის მიღწევას, მისი ხშირი და მცირე დოზებით აწევის გარეშეც შესაძლებელს გახდის.
ბრენარდი ასევე ამბობს, რომ ქარიშხალ ჰარვის მიერ მიყენებული ზარალი, მესამე კვარტლის მაჩვენებლებზე უარყოფითად იმოქმედებს, თუმცა ის მეოთხე კვარტალში ზრდას მოელის.
ამ კვირაში გამოსვლა აქვს ფედის კიდევ ერთ წევრს, უილიამ დადლის, ვისი მოსაზრებებიც ხშირად ემთხვევა ხოლმე ფედის პრეზიდენტ ჯანეტ იელენის მოსაზრებებს. და თუ ისიც აღიარებს, რომ განაკვეთის აწევის პროცესს პაუზა ესაჭიროება, ეს დოლარს კიდევ უფრო დაასუსტებს.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მორიგი სხდომა, რომელზეც დოლარის განაკვეთთან დაკავშირებით იმსჯელებენ, 19-20 სექტემბერს გაიმართება.