არჩილ მესტვირიშვილი: ”მომავალი წლის დასაწყისში ინფლაცია 3%-მდე შემცირდება”

არსებული პროგნოზებით, ინფლაცია მიმდინარე წლის განმავლობაში დაახლოებით იმ ფარგლებში იქნება, რაც დღეს არის, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

”დღეს ჩატარდა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, მომავალი პროგნოზები და გამომდინარე ინფლაციის მომავალი მაჩვენებლებიდან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეგვენარჩუნებინა. არსებული პროგნოზებით, ინფლაცია მიმდინარე წლის განმავლობაში დაახლოებით იმ ფარგლებში იქნება, რაც დღეს არის. მომავალი წლის დასაწყისში შემცირდება 3%-მდე, რომელიც არის მიზნობრივი მაჩვენებელი 2018 წლიდან დაწყებული, 2018 წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება”, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

მესტვირიშვილმა ასევე მთავრობის ოპერაციებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესაა ხაზინის ფულის მართვის ოპერაციები, რომლებიც ხორციელდება ეროვნულ ბანკთან კოორდინირებით.

”რაც შეეხება მთავრობის ოპერაციებს ეს არის ხაზინის ფულის მართვის ოპერაციები, რომლებიც ხორციელდება ეროვნულ ბანკთან კოორდინირებით და ეს შემუშავებულია მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის დახმარებით. ეს ოპერაციები არ იწვევს ფულის მიწოდების ზრდას, გამომდინარე იქიდან, რომ ანალოგიური მოცულობით ხდება ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნის შემცირება. ეს მსგავსი პროდუქტებია და ერთმანეთს აბალანსებს”, - განაცხადა მესტვირიშვილმა.