ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევრობანკი მხარს უჭერს ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტის, სერ სუმა ჩაკრაბარტის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა EBRD-ს საქართველოს განვითარებისა და მთავრობის მიერ მიერ აღებული კურსის მხარდაჭერისთვის.
„EBRD არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. 2016 წლის განმავლობაში ამ საფინანსო ინსტიტუტმა განახორციელა 17 პროექტი და 250 მლნ ევროს ინვესტიცია, რაც უპრეცედენტოა, მათივე თქმით და ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიც არის: ენერგეტიკა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. კონკრეტული პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესის მხარდაჭერაზე, უაღრესად მნიშვნელოვანია; ასევე, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის განვითარება, რომელიც ორიენტირებულია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პოტენციალის ათვისებაზე და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევრობანკი მხარს უჭერს ჩვენ მიერ აღებულ ეკონომიკურ პოლიტიკას და ამის გამოხატულებაა სწორედ ის, რომ მათი სტრატეგია პირდაპირ მორგებულია 4-პუნქტიანი გეგმის დღის წესრიგზე, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ გააჟღერა გზავნილები, რომელიც ეხება საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს და დაადასტურა, რომ საქართველო გადააჭარბებს ევრობანკის მიერ წინასწარ პროგნოზირებულ მაჩვენებელს. ასევე, გააჟღერა გზავნილები, რომელიც ეხება საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას საერთაშორისო რეიტინგებში. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს გზავნილები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პირების მხრიდან, რომელსაც საინვესტიციო სამყარო ძალიან ყურადღებით უსმენს.