თბილისში კომერციული ფართების გაყიდვა-გაქირავება საკმაოდ მომგებიანი საქმეა.
თითქმის ყველა კორპუსის პირველ სართულზე წააწყდებით მაღაზიას, აფთიაქს, საცხობსა და სხვა სახის სავაჭრო ობიექტს, რომელიც დატვირთულ რეჟიმში მუშაობს. იმის გასარკვევად, თუ როგორია კომერციული ფართების სპეციფიკა ჩვენს დედაქალაქში, უძრავი ქონების სფეროს ექსპერტს - შოთა გუჯაბიძეს მივმართეთ.
"სავაჭრო-კომერციული ფართები თბილისში საკმაოდ აქტიურად იყიდება და ქირავდება, ამიტომ, თითქმის ყველა სამშენებლო კომპანია ცდილობს სამშენებლო ხარჯები ამ ფართებით გადაფაროს. ზოგიერთი კომპანია ცდილობს მშენებლობის დასრულების შემდეგ კომერციული ფართი დაიტოვოს და საჭიროების მიხედვით გამოიყენოს, არის შემთხვევები, როდესაც კომპანია ყიდის კომერციულ ფართს და ამ თანხით ფარავს მის მიერ გაწეული ხარჯების დიდ ნაწილს. ცნობილი ბრენდები ყველაზე ხალხმრავალ, ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე ფართებს ქირაობენ და თანხასაც არ იშურებენ. ამ მხრივ ყველაზე აქტიური და პრესტიჟული ადგილებია: რუსთაველის გამზირი, პეკინისა და ჭავჭავაძის ქუჩები, ასევე - ძველი თბილისის მიდამოები. ცნობილი ბრენდების მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები ძირითადად ასეთ ადგილებზეა განთავსებული. ასეთი ფართების რენტაბელურობაც მაღალია და რენტის ღირებულებაც", - აღნიშნავს შოთა გუჯაბიძე.
ექსპერტის შეფასებით, ამ ქუჩებზე არსებული კომერციული ფართების ფასი ძალიან მაღალია.
"რაც უფრო ხალხმრავალ ადგილას მდებარეობს კომერციული ფართი, მისი ფასი უფრო მაღალია. მაგალითად, რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩებზე არის რამდენიმე კომერციული ფართი, სადაც 1 კვ.მ.-ის ფასი 8 ათასიდან 15 ათას დოლარამდე მერყეობს. ჭავჭავაძის ქუჩის კვეთაზე არის ფართები, სადაც 1 კვ.მ. 2-3 ათასი დოლარი ღირს, მაგრამ ცენტრალურ ქუჩებზე ასე დაბალ ფასს ვერსად წააწყდებით. ანალოგიური სიტუაციაა პეკინის ქუჩაზე, მართალია, ამ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებმა შეაფერხა კომერციული აქტივობა, მაგრამ როგორც კი გზის რეაბილიტაცია დასრულდება, ფასები იქაც აიწევს. ასეთ ხალხმრავალ ქუჩებზე უფრო მეტად სავაჭრო-კომერციული ობიექტები ქირავდება, რაც შეეხება საოფისე-კომერციულ ფართებს, მათაც თავისი სპეციფიკა აქვთ. ოფისების უმეტესობა შედარებით მეორეხარისხოვან ქუჩებზეა განთავსებული, თუმცა არსებობს მსხვილი კომპანიები, რომლებიც საოფისე ფართს ცენტრალურ ქუჩაზე, დიდი ფასადებითა და ვიტრაჟებით დამშვენებულ შენობაში ყიდულობენ. ეს კომპანიის სიდიდესა და მოცულობაზეა დამოკიდებული. ასეთი კომპანიები საქართველოში ბევრი არ არის - მხოლოდ რამდენიმე ათეულია. ბოლო წლებში თბილისში საკმაოდ აქტიურად დაიწყეს ე.წ. მოლების მშენებლობა, სადაც მყიდველს მრავალი სახის მომსახურებას სთავაზობენ. ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას ამხელა შენობას ვერ ჩადგამ, ამიტომ ისინი პერიფერიებშია გადანაწილებული. ასეთი კომპლექსური შენობები შედარებით მყუდრო, განაპირა უბნებში უნდა აშენდეს", - აცხადებს ექსპერტი.
„ბიზნესპრესნიუსი“ ამავე საკითხზე უძრავი ქონების განცხადებების საიტ SS.ge-ს დირექტორს - ნიკა ჯაფარიძეს ესაუბრა.
"გასაქირავებელ ფართებზე უფრო მეტი მოთხოვნა განახლებულ უბნებშია: მაგალითად, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კომერციულ ობიექტებში 1 კვ.მეტრის ღირებულება ძალიან მაღალია და გაყიდვის შემთხვევაში 5-6 ათას დოლარს აღწევს. ტრადიციულად ძალზე ძვირია აბანოთუბნისა და ლესელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაც. ცენტრალურ ქუჩებზე არსებულ ვიტრაჟებიან ობიექტებზე მოთხოვნა ყველაზე დიდია. თუ საცხოვრებელი ბინების სიძვირით ვაკე-საბურთალო ლიდერობს, კომერციული ფართების სპეციფიკა სრულიად განსხვავებულია: საკმაოდ კარგად მუშაობს სავაჭრო ადგილები, რომლებიც მეტროს სადგურებთან ახლოს მდებარეობს. მაგალითად, ვარკეთილის მეტროსთან კომერციული ფართი შეიძლება 5 ათასიც ღირდეს. ეს არ არის პრესტიჟული უბანი, მაგრამ ხალხმრავალ ადგილებში კომერციული ფართი ყოველთვის ძვირი ღირს. ყველაზე მოთხოვნადია ახალაშენებული კორპუსები, სადაც კომერციული ფართი ქუჩაზე გამოდის, ასეთ ობიექტებზე მოთხოვნაც დიდია და მათი ფასიც მეტია.
ნიკა ჯაფარიძის თქმით, ზოგჯერ სულ რაღაც 20-30 მეტრი ცვლის კომერციული ფართის ფასს:
- შეიძლება სახლის ერთ მხარეს არსებული სავაჭრო ფართი სულ სხვა ფასი ღირდეს, ხოლო მეორე მხარეს - გაცილებით ძვირი - ეს კომერციული ფართების სპეციფიკაა: თუ სავაჭრო ობიექტი ხალხმრავალ და მოძრავ ადგილზეა, ის საკმაოდ ძვირად ფასობს. ვაკე-საბურთალოზე და ვარკეთილში საცხოვრებელ ბინას ერთი ფასი ვერ ექნება, მაგრამ როდესაც საქმე კომერციულ ფართს ეხება, აქ სულ სხვა სიტუაცია გვაქვს: შეიძლება სავაჭრო ობიექტის ღირებულება ამ უბნებში ერთნაირი იყოს. თუ კომერციული ფართი საინტერესო ადგილას მდებარეობს, ისე სწრაფად იყიდება, რომ მის მფლობელს განცხადების გამოქვეყნებაც არ სჭირდება - დიდი სააფთიაქო ქსელები, ან ცნობილი ბრენდები სწრაფად ყიდულობენ, ან ქირაობენ მათთვის საინტერესო ობიექტებს", - აღნიშნავს ნიკა ჯაფარიძე.
SS.ge-ს დირექტორი ხაზს უსვამს, რომ ბოლო წლებში კომერციული ფართები საკმაოდ ძვირად ქირავდება: „კომერციული ფართები ძალიან გააძვირეს უცხოელებმა - ისინი აქტიურად ქირაობენ საინტერესო ობიექტებს და ფასებსაც ზრდიან. მაგალითად: აღმაშენებლის გამზირზე ბოლო წლებში ქირის ფასმა საგრძნობლად მოიმატა, ადგილობრივი ბიზნესიც იძულებულია აჰყვეს იმ ფასებს, რომელიც დღეს ამ ბაზარზე მოქმედებს და ძალაშია“, - აღნიშნავს ნიკა ჯაფარიძე.
ხათუნა ჩიგოგიძე