ბიუჯეტში თავიდანვე ჩადებულია გარკვეული თანხები პრემია-დანამატებისთვის, თუმცა ამ წუთის მდგომარეობით, ანაზღაურების ფონდი შარშანდელთან შედარებით, 60 მლნ ლარით ნაკლები გვაქვს გაცემული.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ მიღებული პრემია-დანამატების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
„ირაკლი შოთაძის დეკლარაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ, ინფორმაცია აბსოლუტურად ღია და გახსნილია. თვითონ აქვს შევსებული ეს დეკლარაცია და აქ დასამალი არაფერი არ არის, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ბიუჯეტში თავიდანვე ჩადებულია გარკვეული თანხები იმისათვის, რომ პრემია და დანამატი გაიცეს. თუმცა ამ წუთის მდგომარეობით, შარშანდელთან შედარებით 60 მლნ ლარით ნაკლები გაცემული მთლიანად ანაზღაურების ფონდი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
reginfo.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2016 წელს ხელფასის სრული ოდენობით პრემია და დანამატი - 18-ჯერ, ხოლო მისმა მოადგილეებმა - მამუკა ვასაძემ, გიორგი გაბიტაშვილმა და გიორგი გოგაძემ 21-ჯერ აიღეს. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, ირაკლი შოთაძის წლიური ანაზღაურებამ 2016 წელს 117 000 ლარი შეადგინა, საიდანაც 70 080 ლარი პრემია-დანამატების თანხაა.
იხილეთ აგრეთვე:
IDFI - გასულ წელს ირაკლის შოთაძის შრომის ანაზღაურებამ 113 070 ლარი შეადგინა