„ქვევრის ღვინის პირველ საერთაშორისო კონკურსზე“ წარდგენილმა „თელიანი ველის“ სამივე ღვინომ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.
მათივე თქმით, მათ მიერ წარდგენილმა სამივე ღვინომ „გლეხური რქაწითელი ქვევრი 2015“; „გლეხური ქისი ქვევრი 2015“; „გლეხური კისისხევის საფერავი ქვევრი 2015“ შესაბამისად, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
„ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი“ იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიაში ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის მიზანია მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა და სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარდა კონკურსში ღვინოები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი, როგორებიცაა საფრანგეთი, სერბეთი, სლოვენია და სხვა. ამასთან, კონკურსზე წარმოდგენილი 150 ღვინის ნიმუშიდან 22-მა ოქროს, 20-მა - ვერცხლის და 29-მ - ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა.
„ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსის“ ჟიურის წევრები ქართველი და უცხოელი პროფესიონალები იყვნენ, მათ შორის, ცნობილი ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლი ზაგრანიკი. კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება იყალთოს სამონასტრო კომპლექსში გაიმართა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „ის ღვინოები, რომლებმაც კონკურსზე ოქროს მედლები დაიმსახურა, წარდგენილი იქნება საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, სადაც გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი“ იმართება“.