ქარმა გამოიწვია ის, რომ ართანაში, კოხტას მთაზე უკვე ლოკალიზებული კერები ხელახლა გაღვივდა, - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
”ქარი არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება დღეს მომხდარიყო. ქარმა გამოიწვია ის, რომ უკვე ლოკალიზებული კერების ხელახლა გაღვივება მოხდა. ჩვენს მაშველებს და მეხანძრეებს უწევთ იმ სამუშაოების თავიდან შესრულება, რაც გუშინ დასრულებული იყო და მხოლოდ ერთი აქტიური კერა იყო დარჩენილი. ეს გვირთულებს სამუშაოს, მაგრამ გვიწევს იმის გაკეთება, რაც გავაკეთეთ გუშინ. რაც შეეხება ცეცხლის გავრცელებას და ახალი კერების წარმოქმნას, ვფიქრობთ, ჩვენი ძალების მობილიზაცია და ვერტმფრენების მუშაობა გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ცეცხლი არ გავრცელდება, უბრალოდ უკვე ცეცხლმოკიდებული და ჩამქრალი კერების ხელახალი აქტივიზაცია მოხდა და ამან გამოიწვია დაკვამლიანების გაძლიერებაც”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში.
მისი ინფორმაციით, ადგილზე შექმნილი შტაბი მუშაობს მუდმივ რეჟიმში და შესაბამის გადაწყვეტილებს იღებს.