ფადი ასლი: "სანამ სასამართლოებში კაკაბაძის მსგავსი მოსამართლეები იმუშავებენ, იქამდე საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის არამიმზიდველი ქვეყანა იქნება"

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმდჯდომარე ფადი ასლი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მის წინააღმდეგ ხვალ ჩანიშნულ სასამართლო სხდომას ეხმაურება და წერს, რომ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე, რომელმაც მასზე სარჩელი შეიტანა, კორუმპირებულია. აქვე ფადი ასლი იმ მიზეზებსაც ასახელებს, რის გამოც მიიიჩნევს, რომ კაკაბაძის ადგილი ციხეშია.

საქმე ეხება სარჩელს, რომელიც მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ ფადი ასლის წინააღმდეგ მას შემდეგ შეიტანა, რაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავდმჯომარემ მას კორუმპირებული უწოდა. კაკაბაძემ მიიჩნია, რომ ამისთ მისი პატივი და ღირისება შეილახა.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ მიიღო ორი გადაწყვეტილება კომპანიების "ფილიპ მორისისა" და "ბრითიშ ამერიქან თობაქოს" წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა კომპანიების ერთობლივად 138 მილიონი აშშ დოლარით დაჯარიმებას. ეს გადაწყვეტილებები, ასლის განმარტებით, ეყრდნობოდა კანონს, რომელიც საქართველოში არც კი არსებობს. მოგვიანებით, მისივე თქმით, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკისა და ნეგატიური შეფასების ფონზე, ზემოაღნიშნული უკანონო გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

"2017 წლის 24 მარტს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულმა კომიტეტმა საქართველოში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიატანა სარჩელი მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით. 2017 წლის 30 მარტს, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა სამართლებრივი ანალიზი მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ გამოტანილი საქმეების წარმოების შესახებ, სადაც მოსამართლის მხრიდან მრავალი კანონდარღვევა და ხარვეზი არის აღნიშნული.

“მტკიცედ მჯერა, რომ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე კორუმპირებულია და ღიმილის მომგვრელია, რომ ჩემს წინააღმდეგ სარჩელი მან შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში, იმ სასამართლოში, რომელმაც სამჯერ უპრეცედენტო პრეს-რელიზები გამოაქვეყნა თავად მოსამართლე კაკაბაძის და მისი კორუმპირებული გადაწყვეტილებების დასაცავად. ვლადიმერ კაკაბაძე და მისი მსგავსი კორუმპირებული მოსამართლეები, რომლებიც მოქალაქეებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ თაღლითობის ინსტრუმენტები არიან, ციხეში უნდა ისხდნენ. უკვე ექვსი თვეა უშედეგოდ ველოდები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამოძიების შედეგებს. მანამ სანამ, საქართველოს სასამართლოებში ვლადიმერ კაკაბაძის მსგავსი მოსამართლეები იქნებიან, იქამდე საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის არამიმზიდველი ქვეყანა იქნება.“- განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ბ-მა ფადი ასლიმ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას.