სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხელვაჩაურში გუშინ ნაპოვნი დაცემული პირუტყვი ვეტერინარული წესებით განადგურდა. შემთხვევის ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოებიც ჩატარდა.
უწყების ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელვაჩაურში კარანტინი გამოცხადდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
2013 წლის შემდეგ, საქართველოში ჯილეხით გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფექციურ დაავადებათა სამსახურის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ჯილეხით დაავადებულმა მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა. მას ჯილეხის კანის ფორმა ჰქონდა, რაც დაავადებულ ცხოველთან კონტაქტის შედეგად განუვითარდა.