მთავრობა მიწის მორატორიუმთან დაკავშირებით ბანკებს თავზე ვერ გადაახტა.
როგორც ყველა მიმართულებით, ამჯერადაც საფინანსო ინსტიტუტებმა ხელისუფლებას თავისი პირობები მოახვიეს თავზე. სპეციალისტები მთავრობის პოზიციის მოულოდნელი ცვლილებით აღშფოთებული არიან.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საქმე ეხება კანონპროექტს, რომლის მიხედვით, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მთავრობას შეეძლება მიწა გამონაკლისი სახით, უცხოელს მიჰყიდოს. ხოლო ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისთვის ყველაფერი ძველებურად დარჩება. მათ ისევ შეეძლებათ ქართული მიწა გაასხვისონ და მათ შორის, უცხოელებზეც. ეს პირობები ძალაში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე დარჩება.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ამდენი ხნის ბრძოლას არ ექნება აზრი, თუკი ბანკებს მიწის საკუთრებაში გასხვისების საშუალებას მისცემენ, რითაც უდიდეს მატერიალურ რესურსს ჩაუგდებენ ხელში. აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებული კანონპოროექტის კენჭისყრა, რომელიც პარლამენტს დაჩქარებული წესით გუშინ უნდა ჩაეტარებინა, 20 სექტემბრისთვის გადაიდო.
ცნობილია ის, რომ კომერციული ბანკების მსგავსად, შესაძლოა, გარდამავალ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გასხვისების თაობაზე დადგენილი მორატორიუმი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე არ გავრცელდეს, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის შემდეგ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გასხვისება მორატორიუმით აიკრძალა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ასევე იურდიულ პირებზე.
„მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, სტრატეგიული დანიშნულების რესურსთან მიმართებაში მკაცრი რეგულაცია უნდა იყოს დადგენილი, ამან ჯანსაღ სამოქალაქო ბრუნვას ხელი არ უნდა შეუშალოს. აქედან გამომდინარე, სწორედ კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ვგეგმავთ, რომ მორატორიუმში გამონაკლისის სახით, გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ. შესაძლებელია, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტებზე გარკვეული გამონაკლისი იქნას დაშვებული, რაზეც თანხმობას მთავრობა განაცხადებს“, - აღნიშნა მან.
ბანკებზე გამონაკლისის შესაძლო დაშვებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიწის პოლიტიკის სწორად გატარების მცდელობას უკავშირებს. საუბარია იმაზე, რომ კომერციულ ბანკებს მიწის საკუთრებაში დროებით მფლობელობაში ქონის საშუალება ჰქონდეს. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ საფინანსო ინსტიტუტებმა მოახდინონ სასოფლო-სამეურნეო მიწის გირაოში აღება.
„საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ბანკებმა დროებით გამოიყენონ მიწა, რის შემდეგაც მათ ისევე, როგორც სხვა პირებს, გაუჩნდებათ ვალდებულება, რომ მიწა გასხვისდეს ქართველ მოქალაქეებზე. შესაბამისად, ეს უფრო არის დაზუსტება იმისთვის, რომ სწორად განვახორციელოთ მიწის პოლიტიკა. კომერციულ ბანკებს, რაც ყველაზე აქტუალური საკითხია, ჰქონდეთ სწორედ გამართული ფუნქციონირების საშუალება, რაც მიწის პოლიტიკასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
თუმცა, ქართველი სპეციალისტების ნაწილისთვის მთავრობის პოზიცია მიწის მორატორიუმთან დაკავშირებით გაუგებარია. პროფესორ ჰუმბერ ფაჩულიძის აზრით, მთავრობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მიდის.
„გადაწყვეტილებებს იღებენ ისე, რომ ბოლომდე არ აზუსტებენ დეტალებს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდათ მოასწრონ და ქვეყნის მთავარი რესურსი ბანკებს ჩაუგდონ ხელში. ბოლო წლების განმავლობაში კომერციული ბანკების მიმართ საეჭვოდ იჩენენ ზედმეტად ლოიალურ დამოკიდებულებას. საინტერესოა, ვინ ლობირებს საბანკო სექტორს ქვეყანაში? ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და ახლა მიწას მიადგნენ.
ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, ძალისხმევა არ დავიშურეთ, რომ მიწის მორატორიუმისთვის მიგვეღწია, რათა სასოფლო-სამეურნეო მიწა არ გაყიდულიყო უცხოელებზე და ახლა მთელი შრომა წყალში ჩაგვეყარა. განგებ ჩქარობენ, რომ რაც შეიძლება მოასწრონ და გაასხვისონ ქართული მიწა, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის კუთვნილებაა.
მორატორიუმი გამონაკლის შემთხვევებს არ უნდა ცნობდეს, მით უმეტეს, ბანკებთან დაკავშირებით. ხალხს უარს ვერ ეუბნებიან, ვერ წავიდნენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ახლა ბანკების საშუალებით ცდილობენ ჩვენი მიწის უცხოელებზე გასხვისებას. რეალურად არაფერი იცვლება, საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება მოჩვენებითი მორატორიუმი“, - განუცხადა „რეზონანსს“ ფაჩულიძემ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება, აბსოლუტურად სწორია. რაც შეეხება ბანკებთან დაკავშირებით გამონაკლისის შესაძლო დაშვებას, მისი შეფასებით ეს არ იქნება საგანგაშო, თუკი კანონპროექტში მიწის მოვლის ვალდებულება ჩაიდება.
„აუციელებელია მიწის რეფორმის გატარება და ეს უნდა უზრუნველყოს იმ დებულებებმა, რაც კონსტიტუციაში ჩაიწერება. მარტო ის, რომ უცხოელებზე არ გაიყიდება, არაა მექანიზმი. მთავარი პრინციპია, რომ მიწის საკუთრება მხოლოდ უფლება არ არის, არამედ ვალდებულებაა. მესაკუთრეს აქვს ვალდებულება, ამ მიწას მოუაროს და უპატრონოს.
ბანკებისთვის გამონაკლისის დაშვება არ გამოიწვევს საფრთხეს. თავის დროზე, როცა ამ თემაზე მიდიოდა საუბარი, კატეგორიული აკრძალვის მოთხოვნას არ ვემხრობოდი. მიმაჩნია, რომ არ უნდა არსებობდეს გარკვეული პირობები, განსაკუთრებული ინტერესი, რა შემთხვევაში იქნება მიწის გასხვისება შესაძლებელი. მას სჭირდება მოვლა-პატრონობა და მიწის ყიდვა-გაყიდვის საკითხი სპეციალური რეგულაციის ქვეშ უნდა მოექცეს. უნდა მოწესრიგდეს არა მარტო საკუთრების უფლება, არამედ მიწათსარგებლობის საკითხიც.
მიწის ფონდის დიდი ნაწილი არაჯეროვნად გამოიყენება და მისი მოვლა-პატრონობა არ ხდება. ეს არის მთავარი პრობლემა. ამიტომ ვთავაზობდით საკონსტიტუციო კომისიას, რომ მიწის კოდექსი მიიღოს. ერთ-ერთი საკითხი სწორედ ბანკებს უკავშირდება. ასეთ შემთხვევაში კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან ორი წლის ვადაში გაასხვისონ ის შესაბამის უფლებამოსილ პირებზე. მთავარია, არსებობდეს გარკვეული კრიტერიუმი, რის შესაბამისადაც მიწის გაყიდვის პრიორიტეტი განისაზღვრება“, - განმარტავს ზარდიაშვილი.
მარი ჩიტაია
წყარო „რეზონანსი"