წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის II კვარტალში 346.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 14.3%-ით ნაკლებია.
როგორც საქსტატი იუწყება, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 751.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 5.5%-ით ნაკლებია.
ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები საქართველოში 2017 წლის II კვარტალის მიხედვით (მლნ აშშ დოლარი) განხორციელდა, აზერბაიჯანიდან, ნიდერლანდებიდან, თურქეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ჩეხეთიდან, პანამიდან, ლუქსემბურგიდან, აშშ-დან, ჩინეთიდან და ა.შ.
რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საქსტატის ინფორმაციით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2017 წლის II კვარტალში 66.3 % შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 130.4 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.6 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 70.0 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 29.3 მლნ აშშ დოლარით.
”წინასწარი მონაცემების კორექტირება ხორციელდება საქსტატის მიერ შემუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის გადასინჯვის პოლიტიკის შესაბამისად (რეგულარული გადასინჯვის პრინციპის საფუძველზე) რესპონდენტების/ადმინისტრაციული წყაროების მიერ მონაცემების დაზუსტების შედეგად. 2017 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2018 წლის 15 აგვისტოს”, - აცხადებენ საქსტატში.