"კვირის პალიტრის" ეკოპროექტი - "დარგე შენი ხე" დაიწყო

პროექტის - "დარგე შენი ხე! – მოდი, ერთად გავაშენოთ ტყე!" - ფარგლებში ”კვირის პალიტრის” დღევანდელ ნომერთან ერთად, მკითხველი საჩუქრად ჰიმალაის კედრის თესლს მიიღებს.

როგორც ”კვირის პალიტრაში” განმარტავენ, ერთი წლის შემდეგ, გაზეთის 20 წლის იუბილეზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, ”კვირის პალიტრა” მკითხველს თავიანთი კედრის ჩითილით მოუხმობს, რათა ყველამ ერთად, ღია გრუნტში გადაიტანოს პატარა ნერგები და საფუძველი ჩაუყაროს ტყის გაშენებას.

ამასთან, თუკი მკითხველს თესლის გახარება საკუთარ ეზოში ან ნებისმიერ სხვა ადგილას სურს, შეუძლია თავად აირჩიოს, სად დარგავს კედრის ნერგს.

მკითხველს შესაძლებლობა აქვს, მარადმწვანე ხის, ჰიმალაის კედრის თესლი ქოთანში ან რაიმე სხვა ჭურჭელში გაახაროს. კედრის თესლი 20-25 დღეში აღმოცენდება.

ჰიმალაის კედარი მარადმწვანე კედრის ერთ-ერთი სახეობაა. ის საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული და ქალაქის პირობებშიც მშვენივრად ხარობს.