დოლარის კურსი კლებას განაგრძობს. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, უკვე შვიდი დღეა, ამერიკული ვალუტა უფასურდება, რასაც ძირითადად ის გარემოება განაპირობებს, რომ მიმდინარე წელს დოლარის საპროცენტო განაკვეთის მესამედ აწევის პერსპექტივა სულ უფრო მცირდება.
რა თქმა უნდა, თავის როლს ასრულებს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული დაძაბულობის ესკალაცია და ქარიშხლების სეზონი აშშ-ის სამხრეთ ნაწილშიც.
დოლარის ინდექსი 2015 წლის შემდეგ ასეთ დაბალ ნიშნულზე არ ჩამოსულა. ინვესტორებს ყურადღება ქარიშხალ ირმასკენ აქვთ მიმართული, რომელიც შტატ ფლორიდის სამხრეთ ნაწილს წალეკვით ემუქრება. ამის გამო, სახაზინო ობლიგაციების 10-წლიანი სარგებელი 13 საბაზისო ერთეულით შემცირდა, რაც კიდევ უფრო ამცირებს დოლარზე მოთხოვნას.
პარალელურად, დოლართან მიმართებაში ყველა ძირითადი ვალუტა მყარდება. მაგალითად, ავსტრალიური დოლარი ამერიკულთან წყვილში, ბოლო ორი წლის მაქსიმუმზე ავიდა. ახალი ზელანდიის დოლარის კურსი კი ამერიკულთან მიმართებით, ბოლო სესიებზე 1.1 პროცენტით გამყარდა. იენმა ამერიკულ ვალუტასთან წყვილში შარშანდელი ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
ყველაზე მეტად, დოლარის პოზიცია აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წევრთა გამოსვლებმა შეარყია. მათმა გამოსვლებმა ცხადყო, რომ წელს დოლარზე განაკვეთის აწევის პერსპექტივა თითქმის აღარ არსებობს. დოლარის საერთო სისუსტეს ასევე განაპირობებს ჩინური იუანის (რენმინბის) გამყარება. ინვესტორები ელიან, რომ ჩინეთის ხელისუფლება ხელს არ შეუშლის ქვეყნის ვალუტის გამყარებას. ახლახან იუანმა დოლართან წყვილში ფსიქოლოგური ბარიერი - 6.50 (1 დოლარის ფასი 6.50 იუანი) გადალახა და 6.45-ს მიაღწია. სინგაპურული „ნატუესტ მარკეტსის“ (RBS-ს ჯგუფის ნაწილია) სტრატეგისტი მანსურ მოჰი-უდინი თვლის, რომ იუანის გამყარება, დოლარის კიდევ უფრო დასუსტების მიზეზია.
დოლარისთვის ერთადერთ იმედად რჩება ის ფაქტი, რომ ფედის წევრი და ნიუ იორკის ბანკის პრეზიდენტი უილიამ დადლი თვლის, რომ დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა უნდა გაგრძელდეს. დადლის ნათქვამი ორმაგად საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ მისი მოსაზრება ხშირად ფედის ხელმძღვანელს ჯანეტ იელენისას ემთხვევა ხოლმე. თუმცა ფედის მიერ გადაწყვეტილების მიღებას ხმათა უმრავლესობა წყვეტს, რაც ამ ეტაპზე, დოლარისთვის სახარბიელო არაა.
აზიის წუხანდელი სავაჭრო სესიის დროს, იაპონურმა იენმა დოლართან მიმართებით ბოლო ერთი წლის მაქსიმუმი განაახლა და ზრდას განაგრძობს. ამჟამად 1 დოლარის ფასი 107.55 იენამდე არის შემცირებული. ბოლო თვის მაქსიმუმზეა ბრიტანული სტერლინგი, რომელიც ამჟამად 1.31 დოლარი ღირს. რაც შეეხება ევროს, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ მარიო დრაგის გუშინდელი, საკმაოდ „მტრედული“ გამოსვლის მიუხედავად (მის ინტერესებში არ შედის ევროს მეტისმეტი სიმყარე), ევროს კურსი მაინც გამყარდა და 1.2090-ს მიაღწია, თუმცა მას შემდეგ 1.2060-მდე ჩამოვიდა და ზრდის გაგრძელების რეალურ პერსპექტივას ინარჩუნებს.