პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა.
მექვაბიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მთავარი ბანკირია.
ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტი გენერალური აუდიტორის პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილს ნდობას გამოუცხადებს.
როგორც მან გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა, შესაბამისი კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში მომდევნო პლენარულ სხდომაზე გაიმართება.
"როგორც მოგეხსენებათ, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენა არის პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური პრეროგატივა საქართველოს კონსტიტუციის თანახმად. მე მინდა ვისარგებლო ამ პრეროგატივით და წრამოგიდგინოთ ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა. ბატონ ირაკლის აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტებში საქმიანობის. მე მქონდა მასთან სამსახურებრივი ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩემი მუშაობის პერიოდში. ირაკლი მექვაბიშვილი მუშაობდა როგორც საჯარო, ისე კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ფინანსურ ინსტიტუტებში მრავალი წლის განმავლობაში. წლების განმავლობაში ის იყო ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ეკავა მაღალი პოზიციები კომერციულ სექტორში, კომერციულ ბანკებში და დღემდე ის გახლავთ EBRD-ის ასოცირებული დირექტორი. მე მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ ირაკლის. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის პრეროგატივაა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გამწესება და მომდევნო პლენარულ სხდომაზე ჩატარდება კენჭისყრა. მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს და აღნიშნა, რომ სწორედ ლაშა თორდიას მუშაობის პერიოდში ჩამოყალიბდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეალურად დამოუკიდებელ, კონსტიტუციურ ორგანოდ.
"როგორც მოგეხსენებათ, გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას ამოეწურა უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა. მე მინდა, მას მადლობა გადავუხადო გაწეული მუშაობისთვის. მისი მუშაობის პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოახერდა ჩამოყალიბებულიყო რეალურად დამოუკიდებელ, კონსტიტუციურ ორგანოდ და კიდევ ერთხელ, ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ბატონ ლაშა თორდიას გაწეული მუშაობისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.