საქართველომ კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში მე-2 პოზიცია დაიკავა

საქართველომ კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში მეორე პოზიცია დაიკავა. ამის შესახებ ნაციონალური კიბერუსაფრთხოების ინდექსის (NCSI) კვლევის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც ევროკავშირის დაკვეთით 29 ქვეყანაში ჩატარდა.

აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა პირველ პოზიციას იკავებს აღმოსავლეთის პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის და უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: გერმანია, ნიდერლანდების სამეფო, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და დანია.

ინდექსი სახელმწიფოების მიერ კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში გატარებულ ღონისძიებებს 12 მიმართულებით აფასებს; მოწმდება ქვეყნების მზადყოფნა მნიშვნელოვანი კიბერსაფრთხეებისა და შეტევების პრევენციისა თუ ფართომასშტაბიანი კიბერკრიზისების თავიდან აცილების საკითხში. აღსანიშნავია, რომ საქართველო არის ის გამონაკლისი, რომელსაც არც ერთ თემატურ მიმართულებაში არ მიუღია ნულოვანი შეფასება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მთავრობის ერთიან და კომპლექსურ მიდგომას კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.

ინდექსის ფარგლებში შეფასდა ქვეყანაში შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების არსებობა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უფლებამოსილი უწყებების მუშაობის ეფექტურობა, მათ შორის, ინციდენტებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, კრიტიკული ინფორმაციული სისტემების მაქსიმალური დაცულობის უზრუნველყოფა, კიბერდანაშაულთან ბრძოლის მექანიზმის არსებობა, ელექტრონული მომსახურებების, ელექტრონული იდენტიფიკაციისა და ხელმოწერისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული კამპანიების წარმართვა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე შედეგიანი საერთაშორისო თანამშრომლობა.

შეფასებული თემატური მიმართულებებიდან საქართველომ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა 5 მათგანში: კიბერუსაფრთხოების ეროვნული პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობა; ეროვნული დონის კიბერშეტევების ანალიზის შესაძლებლობა; ელექტრონული იდენტიფიკაციისა და ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის შესაძლებლობა; კრიტიკული ინფორმაციული სისტემებისა და მომსახურების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობა; კიბერდანაშაულთან ბრძოლის შესაძლებლობა.

კიბერუსაფრთხოების გლობალური ინდექსი შემუშავებულია ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერითა და საერთაშორისო მეთოდოლოგიების გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველომ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) კიბერუსაფრთხოების ინდექსში ევროპაში − მე-2, ხოლო საერთაშორისო დონეზე მე-8 ადგილი დაიკავა.