საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებმა, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად 2 703 117 მგზავრი გადაიყვანა, რაც 47.92%-ით (875 724 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (1 827 393 მგზავრი).
მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
• 2017 წლის 8 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 620 682 მგზავრით მეტს მოემსახურა (სულ 2 071 720 მგზავრი), ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (1 451 038 მგზავრი). შესაბამისად მგზავრთა ნაკადის ზრდის მაჩვენებელმა 42.78% შეადგინა;
• ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთანაკადი 82.59%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 8 თვეში აეროპორტი 154 966 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 282 945 მგზავრი შეადგინა, რაც 127 979 ერთეულით მეტია;
• გასული თვეების განმავლობაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 342 264 მგზავრია გადაყვანილი, რაც 56.36% ით(123 366 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (218 898 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, სამინისტროს ინფორმაციით, მესტია მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში 4 933 მგზავრს მოემსახურა, 98.03%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ 8 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (2 491). ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუარიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე 1 255 მგზავრს მოემსახურა.
ამასთან, მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 3 859-ით მეტი რეისი განხორციელდა. მონაცემები ასე გამოიყურება:
სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობაა სულ 13 708, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 11 388, ხოლო ჩარტერების- 2 320. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 39.18%-ს შეადგენს.