საქართველოს პროფკავშირების ინფორმაციით, პროფკავშირების გაერთიანების 16 დარგობრივი ორგანიზაციის ლიდერები ეხმაურებიან პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეობის პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატის, ამირან ზენაიშვილის წამოყენების საკითხს.
”ჩვენთვის ნათელია, რომ ახალი კანდიდატის დასახელების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ერთი მიზნით მიიღო, ოქიტაშვილი დისკრედიტებულია, საკუთარ გუნდშიც კი. გუშინ გამოაშკარავდა მისი ბრძოლის ამორალური მეთოდები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების დაშანტაჟების, ახალგაზრდა აქტივზე ზემოქმედების, ასევე, პროფკავშირების მოქმედი თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის ოჯახზე ზეწოლის მცდელობები.
”ოქიტაშვილის სრული დისკრედიტაციის შემდეგ, ხელისუფლებაში მყოფმა იმავე მცირე ჯგუფმა, რომელმაც ცოტა ხნით ადრე მისი კანდიდატურა წამოაყენა, ახალი პერსონის ძიება დაიწყო და არჩევანი ამირან ზენაიშვილზე შეაჩერა. ის, რომ დამატებითი სხვა კანდიდატების წამოყენება მოსალოდნელი იყო, აცხადებდა პეტრიაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ საკითხზე გაკეთებულ ინტერვიუებში.
”ჩვენს ვარაუდებს ამყარებს დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის გუშინდელი განცხადებაც, სადაც ის ამბობს - "ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროფკავშირმა აირჩიოს თავისი ლიდერი ისე, რომ ხელისუფლება არ ჩაერიოს".
”სავარაუდოდ, სიტყვაში "ჩვენ", ის როგორც ჩანს იმ მცირე გავლენიან ჯგუფს გულისხმობს, რომელმაც ჯერ ოქიტაშვილის, ახლა კი ზენაიშვილის კანდიდატურა წამოაყენა.
”აქვე ნიშნდობლივია ქვეყნის მთავრობის განცხადებები, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსი, სადაც ის, გოგიჩაიშვილის და მისი მცირე ჯგუფის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ამბობს, რომ მთავრობა პროფკავშირების შიგნით მიმდინარე პროცესებში ჩარევას არ აპირებს.
”ჩვენ დარწმუნებულნი ვართ გამარჯვებაში და ღიად ვერთვებით ბრძოლაში. არ გამოვრიცხავთ, რომ სქემა, რომლის მიხედვითაც ხოფერიას თავმჯდომარის პოსტზე დასახელება იგეგმებოდა - ჩავარდა, რადგან სახელისუფლო კიდევ ერთი კანდიდატი ამირან ზენაიშვილი გამარჯვების შემთხვევაში თანამდებობას ხოფერიას არ დაუთმობს”, - ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში, რომელსაც პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.