საბურთალოს რაიონში, ასათიანის ქუჩის გზის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება.
შესრულებული სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში, გზის 6300 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის ახალი საფარი იგება. ასევე მოეწყო საფეხმავლო ბილიკი და სანიაღვრე ქსელი. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ განახორციელა მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია. წყალსადენის ქსელის 240 მეტრი სიგრძის და წყალარინების ქსელის 110 მეტრი სიგრძის მონაკვეთები ახლით შეცვალა.
პროექტის განსახორციელებლად საბურთალოს რაიონის გამგეობამ 700 000 ლარამდე გამოყო. საგზაო სამუშაოები შპს ,,ჯეუ გრუპის“ მიერ შესრულდა.